ვარდების რევოლუციის საიუბილეო დღეებში, მედიაში, მათ შორის ჩვენს არხზეც, 20 წლის წინ მიღწეულ შედეგებსა და დაშვებულ შეცდომებზე მსჯელობა გააქტიურდა, რაც მედიის როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით არათუ ბუნებრივი - მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა. ფორმულაზე გავიდა ამ მოვლენის ამსახველი საინტერესო დოკუმენტური ფილმი, გადაცემებში დეტალურად ვისაუბრეთ ვარდების რევოლუციასა და მის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე. თუმცა, დისკუსიამ გარკვეული სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა, რაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი არხის ერთ-ერთი წამყვანის შეფასებას გამოეხმაურა. მის გადაცემაში ითქვა, რომ ვარდების რევოლუცია და მიხეილ სააკაშვილის მმართველობა აქტიური მოდერნიზაციის პროექტი იყო დემოკრატიის დეფიციტის პირობებში.
პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს მოსაზრება ჩვენს ეთერში პირველად არ გაჟღერებულა. აქვე, ამ გადაცემის გვერდზე, დაინტერესებულ ადამიანებს მოგაწვდით 1 წლის წინ მომზადებული ედიტორიალის ბმულს, რომელშიც დეტალურად ვხსნი მოდერნიზაციის წარმატებულ პროექტს შეწირული დემოკრატიის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს. თუმცა, დღეს ამ დეტალებში ჩაღრმავებას აღარ ვაპირებ და მსურს რამდენიმე ისეთ კითხვას გავცე პასუხი, რომელიც ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და მოქალაქისთვის, ამ ეტაპზე, ბევრად აქტუალურია.
რამდენად დრამატულად უნდა აღვიქვათ თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის გამოხმაურება რომელიმე ჟურნალისტის შეფასებასთან მიმართებაში? თუ კითხვას ასე დავსვამთ, აქვს თუ არა ყოფილ, ან მოქმედ პოლიტიკოსს ჟურნალისტის კრიტიკის უფლება, ჩემი პასუხი ცალსახაა - დიახ! პრობლემები იწყება იქ და იმ მომენტში, როდესაც პოლიტიკოსი ხელისუფლებას წარმოადგენს და სახელისუფლებო რესურსების გამოყენებას იწყებს ჟურნალისტის თუ მედიის შესაზღუდად და პრობლემების შესაქმნელად. ამ თვალსაზრისით, ვარდების რევოლუციის ხელისუფლება, ნამდვილად არ წარმოადგენდა სამაგალითო მოდელს. და თუკი რამემ სერიოზულად დააზიანა და დააზარალა, მათივე, მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმისტული მიღწევები, ეს სწორედაც რომ კომუნიკაციის დეფიციტი, განსხვავებული აზრის მიუღებლობა და პოლიტიკურ ოპონენტებთან მშვიდ და სიღრმისეულ დისკუსიაში შესვლის უნარის დაკარგვა იყო.
რევოლუციურ ტალღაზე, მოსახლეობის 87-პროცენტიანი მხარდაჭერით მოსულმა ხელისუფლებამ პირველივე წლებში მთლიანად შეცვალა არსებული სურათი ქვეყანასა და საზოგადოებაში და მნიშვნელოვნად პოზიტიური გავლენა მოახდინა რიგითი მოქალაქეებისა და ოჯახების ცხოვრებაზე. ამან, ერთის მხრივ ხელისუფლებისადმი საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაამყარა და გაძლიერა, მეორეს მხრივ კი უფრო გაათამამა ვარდების რევოლუციის მთავრობა, რომლის მიმართაც ვერც ერთი შემაკავებელი ფაქტორი ეფექტურად ვეღარ მუშაობდა: პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად განულდნენ; სახელმწიფო ინსტიტუტები კი, რომელთაც სხვადასხვა კუთხიდან უნდა შეებოჭათ მაშინდელი ხელისუფლება, მხოლოდ შექმნის პროცესში იყო. მივიღეთ სურათი, როდესაც ერთადერთი, შედარებით ქმედითი მექანიზმი, რომელიც წლების განმავლობაში გარკვეული ბალანსის მცდელობას ქმნიდა, იმ დროს არსებული რამდენიმე მედია საშუალება იყო, რომელთაგან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერს მე წარმოვადგენდი.
რასაც ვამბობ, უშუალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებისგან პასუხისმგებლობის აცილების მცდელობა არ გეგონოთ. პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც მათ პასუხი უკვე აგეს. უბრალოდ კონტექსტის ახსნას ვცდილობ და საზოგადოების პასუხისმგებლობის წილზე ვსაუბრობ, იმ საზოგადოების, რომელმაც რევოლუციურ ტალღაზე მოსულ ხელისუფლებას საკმაოდ გრძელვადიანი, შეუზღუდავი მანდატი მისცა და რომელზე კონტროლისა და რეაგირების აუცილებლობაც, კარგა ხანს, საერთოდ ვერ დაინახა. ანუ მარტივად რომ გითხრათ, ჩვენივე საზოგადოების დიდ ნაწილს, ვარდების რევოლუციის შემდგომ წლებში, სააკაშვილის ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებზე კრიტიკული რეაქცია რომ ჰქონოდა, არც 2007 წლის 7 ნოემბრამდე მივიდოდით და არც სხვა მნიშვნელოვანი შეცდომები იქნებოდა დაშვებული, რომლებმაც თავად ვარდების რევოლუციის შედეგების დისკრედიტაცია გამოიწვია.
რაც შეეხება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ თანაგუნდელებს: არამარტო ჩემთვის, არამედ არაერთი ჩემი კოლეგისა და პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც არის და მუდმივად იარსებებს თემები და საკითხები, რომელთა შეფასებებშიც ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დარჩება: ჩემთვის ასეთია 2007 წლის 7 ნოემბერი; მმართველობითი სისტემა, რომელიც ერთპარტიული მონოპოლიის კლასიკურ სახეს წარმოადგენდა. ამიტომ, ამ თემებზე წარსულის გადააზრება-რეფლექსია და საკუთარი მოსაზრებების თამამად გამოთქმა სრულიად ბუნებრივ და აუცილებელ მოვლენად მიმაჩნია. მათ შორის, თუნდაც იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის საიუბილეო დღეებში, ჭარბი დადებითი შეფასებებით განებივრებულმა მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს: საზოგადოებას აქვს უნარი მიღწევები პოზიტიურად შეაფასოს, მაგრამ არ დაივიწყოს შეცდომები, რომლებიც ძალიან ძვირი დაგვიჯდა, როგორც მთლიანად ქვეყანას, ისე თავად ვარდების რევოლუციის ლიდერებს. თუმცა, პირადად ჩემთვის, დღეს, ეს საკითხები ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური მნიშვნელობის პრობლემა უდგას, რაც საქართველოს საგარეო ორიენტაციას, სახელმწიფოებრიობის და ჩვენი მომავლის გადარჩენას უკავშირდება. ამ ისტორიული მნიშვნელობის ამოცანის შესრულებაში პარტნიორად მივიჩნევ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის პროდასავლური კურსი ქართული სახელმწიფოებრიობის გამყარების უალტერნატივო საშუალებად მიაჩნია და რომელსაც აქვს ხალხის გარკვეული მხარდაჭერა. ამავე დროს, კარგად მახსოვს ის პრობლემები, რომლებიც რევოლუციურ ტალღაზე მოსული ხელისუფლებისა თუ 2012 წლის შემდგომი პერიოდის ძალაუფლების მონოპოლიზაციას მოჰყვა. ისიც კარგად მაქვს გააზრებული, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსის დაბრუნებასთან ერთად, პარალელური და მნიშვნელოვანი ამოცანა ისეთი ტიპის მმართველობითი მოდელის ჩამოყალიბებაა, რომელიც სახელისუფლებო შტოებზე და მთლიანად საზოგადოებაზე არათუ ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მონოპოლიასაც გამორიცხავს.
პირველი მიზნისთვის ბრძოლაში, ისეთი მნიშვნელოვანი სახალხო და საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე ფიგურა როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მე როგორც ჟურნალისტს და მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის პროდასავლური მომავლისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის იბრძვის, ერთმნიშვნელოვნად მოკავშირედ მიმაჩნია, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური სუბიექტები თუ მათი ლიდერები. რაც შეეხება მეორე ამოცანას, აქ ჩვენ ერთმანეთის არათუ კონკურენტები ვართ, არამედ სრულიად განსხვავებული მიზნები და ამოცანები გვაქვს. მიხეილ სააკაშვილს, თუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ლიდერს ამოცანად აქვს რაც შეიძლება დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვოს და საარჩევნო შედეგში ასახოს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი რაც შეიძლება ნაკლები ვალდებულება ჰქონდეს სხვა პარტიებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან, იმისთვის, რომ ის პოლიტიკა გაატაროს, რაც ყველაზე მართებულად მიაჩნია. ჩემს ამოცანას კი, თუნდაც წარსული პრობლემების გათვალისწინებით და გააზრებით, წარმოადგენს არ დავუშვათ ისეთი ვითარება, როდესაც ერთი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, შემაკავებელი მექანიზმის გარეშე დარჩება, რაც ახალი შეცდომების დაშვების გარდაუვალ წინაპირობას შექმნის, ამის ფუფუნება საქართველოს უბრალოდ აღარ აქვს.
ამიტომაც, ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან ერთად, როგორც მოქალაქე, საარჩევნო ყუთთანაც შევეცდები ისე ვიმოქმედო, რომ ერთის მხრივ, ქვეყანაში ევროპული ინტეგრაცია და პუტინის რუსეთისგან დისტანცირება შეუქცევადი გახდეს, მეორეს მხრივ კი პლურალისტური და დემოკრატიული სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებას შეეწყოს ხელი, სადაც, საქართველოს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას ექნება საკუთარი როლი და ადგილი, თუმცა ერთპიროვნულად და ერთპარტიულად ქვეყნის მართვას ვერ მოახერხებს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ივანიშვილის რუსული, მარიონეტული ხელისუფლების მმართველობა დასრულდება და ქვეყნის სათავეში მოვა პროდასავლური კოალიცია, რომლის ურთიერთბალანსსა და შებოჭვაზე დაფუძნებული კონსტრუქცია ახალი ტიპის ავტორიტარულ გადაცდომებს გამორიცხავს.
სხვათა შორის "გადაცდომა" ვახსენე და ამ სიტყვის ფუძე იდენტურია უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მდგომარეობის ამსახველი ბრწყინვალე ქართული სიტყვის "გამო-ცდი-ლება". მე მგონი ვისაც ჩემი დღევანდელი ედიტორიალი გვეხება - ცდითაც, გამოცდითაც, ზოგჯერ აცდენითა და განცდითაც უკვე იმდენი რამ დაგვიგროვდა გამარჯვებებისა, თუ მარცხის მრავალწლიანი გამოცდილებით, რომ ძველი შეცდომების სწორად გააზრებით - ახალს აღარ დავუშვებთ და რუსქართველი მტრის გასახარად საქმეს არ გავიხდით.