
ევროპის და ზელენსკის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებთან მიმართებაში გათამაშებული საჭადრაკო პარტიისა და, თითქოს უკვე კუთხეში მიმწყვდეული პუტინის მიერ სტამბოლში გათამაშებული სპექტაკლის შემდეგ, ყველა ელის, როგორ იქცევა საქმედ, მანამდე ევროპისა ლიდერების მიერ ტრამპთან კონსულტაციის შედეგად კიევიდან გაჟღერებული მუქარა — ცეცხლის შეწყვეტაზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში რუსეთისადმი ერთობლივ "მრისხანე" სანქციებსა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე.
თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა და ამ, თითქოს სიტუაციის მკაფიოობას, აბუნდოვანებს ტრამპის რეაქციები, რომელიც ამ ეტაპზე მისსავე მუქარის ტონს ეწინააღმდეგება.
ამის გამო ფრთხილობენ, თუმცა ნელ-ნელა ტონს კიდევ უფრო ამკაცრებენ ევროპელები, ხოლო ზელენსკი ყველაფერს აკეთებს, რომ რაიმე საბაბიც კი არ გააჩინოს ტრამპის უკმაყოფილებისთვის.
რა ახსნა აქვს ამ ვითარებას?
ეს არის სპექტაკლი ერთი ადამიანისთვის — და ეს ერთი ადამიანი დონალდ ტრამპია. პუტინი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ომის გაგრძელების ფონზე ამერიკის პრეზიდენტი კონტაქტზე და ბუნდოვანი, თუმცა კეთილგანწყობის რეჟიმში შეინარჩუნოს. მისი ამოცანაა, ომი ისე გააგრძელოს, რომ შეერთებული შტატები არ გახდეს ნაწილი იმ ახალი სასანქციო ტალღისა, რომელიც დანარჩენი დასავლეთიდან აუცილებლად წამოვა. ამასთან, მაქსიმალურად დაბრკოლოს ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდების განახლება.
ამ ამოცანის სრულიად საწინააღმდეგოდ, ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტრამპი პუტინის კაგებეშნიკური "ხიბლის" მსხვერპლი არ გახდეს.
ტრამპის ხასიათის თავისებურებისა და ბუნდოვანი, ხშირად წინააღმდეგობრივი ტაქტიკის გათვალისწინებით, თამაშობს ივანიშვილიც და, ჩემი ვარაუდით, ზუსტად ამით იყო ნაკარნახევი ღია წერილის გაგზავნა ამერიკის პრეზიდენტისადმი. ივანიშვილს და მის მრჩევლებს, მათ შორის ამერიკულ ლობისტურ წრეებში, სწორედ ესმით, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან — კონგრესი იქნება ეს, სენატი თუ აღმასრულებელი ინსტიტუტები — ურთიერთობის მოგვარების შანსი არსებული სტატუსკვოს შენარჩუნების პირობებში უკვე ნულის ტოლია.
ერთადერთი თეორიული შესაძლებლობა მდგომარეობს უშუალოდ ტრამპის ყურამდე მიღწევაში. ეს მცდელობა ისე უნდა რეალიზდეს, რომ პროცესმა ყველა ინსტიტუციონალური ფილტრი გამოტოვოს. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ინსტიტუტს "გადაახტეს" — იქნება ეს კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ეროვნული უშიშროების საბჭო — და მიწვდეს პირდაპირ ტრამპს...
ფაქტია, და მეტიც — ის, რომ აქამდე ამ ფილტრს ვერ გასცდა და ის, რომ ამის მოხერხების შანსი დაკარგა — სწორედ ამის გამოხატულება და სასოწარკვეთილი მცდელობაა დიპლომატიისა და სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური ურთიერთობების ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება: მთავრობის მიერ სხვა ქვეყნის პრეზიდენტისადმი საჯარო წერილის გამოქვეყნებაზე, ზუსტად იმის იმედად, რომ მას რეზონანსი მოჰყვებოდა და ეს არაპოლიტიკური, არადიპლომატიური, ახალი თაობის სლენგი რომ გამოვიყენოთ — "დამქრინჯავი" ისტორია ტრამპის ყურამდეც მიაღწევდა.
ამ წერილს მართლაც მოჰყვა სკანდალი — ოღონდ მხოლოდ საქართველოში.
ტრამპის ყურთან, მსოფლიოს მასშტაბის პოლიტიკის თუ ბიზნეს ინტერესებისა და პრობლემების ისეთი რიგი დგას, რომ იქ ივანიშვილის არაადეკვატური კაკაფონიისთვის ადგილი უბრალოდ ვერაფრით გაჩნდება.
ამ სასოწარკვეთილ მცდელობას — ანუ ჩიხში შესულობის გამო დეკლარაციულ საჯაროობას — ოცნების მხრიდან კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება მოჰყვება, რომელიც შესაძლოა ქვეყნისთვის ასევე დიდი პრობლემების და შესაძლებლობების მომტანი ერთდროულად აღმოჩნდეს... თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა...