გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: არც თავისუფლება - არც ქართული ციხე

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: არც თავისუფლება - არც ქართული ციხე

„ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო ნაციონალიზმის იდეის საწინააღმდეგო - ეთნიკური ნაციონალიზმის შეუმდგარ და შერჩევით ვერსიას დააფუძნა მთელი მისი იდეოლოგია, პროპაგანდა და პოლიტიკაც. თუმცა რაც მეტს საუბრობს ხელისუფლება „ეროვნულ ღირებულებებზე“, მით უფრო აშკარა ხდება, რომ ეს ნაციონალიზმი შინაარსობრივად რბილად რომ ვთქვათ ღარიბი, ზნეობრივად და პოლიტიკურად სრულიად ფარისევლურია.

თემურ ქათამაძის საქმე ამას ნათლად აჩვენებს. ის ეთნიკური ქართველია — მისი წინაპრები ისტორიული ბედუკუღმართობის გამო მოწყდნენ საქართველოს და სამშობლოსთან კავშირის აღდგენა მისი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა. ამისთვის მან ათწლეულების განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა. მაგრამ ოცნების ბიუროკრატიისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მრავალი მცდელობის მიუხედავად მოქალაქეობა არ მისცეს, როცა საზოგადოებრივად აქტიური გახდა - უკანონოდ დააკავეს და დღეს პირდაპირ გააძევეს საქართველოდან და გადასცეს იმ ქვეყანას, სადაც პატიმრობა ელის.

პარალელურად სახელმწიფო აბსოლუტურ გულგრილობას იჩენს ფერეიდნელი ქართველების მიმართ — იმ ადამიანების, ვინც ირანში დღემდე თავის წილ საქართველოს, ენას და ქართულ ტრადიციებს ინარჩუნებენ. ოცნების ხელში, მათთვის არამარტო მოქალაქეობა, დროებითი ცხოვრების უფლებაც კი საოცნებო გახდა.

ამ ხელისუფლებისთვის ეროვნულობა ფასობს მხოლოდ მაშინ, როცა ის ძალაუფლების შენარჩუნების იდეოლოგიურ იარაღად გამოიყენება. და როცა ეთნიკური ქართველი რეალურად მოითხოვს ქართულ სახელმწიფოში ღირსეულ თანაარსებობას — იგი გარიყული, უარყოფილი ან გაჩუმებულია.

„ოცნებას“ არ სჯერა საერთო ქართული არც ცნების, არც ოცნების. მისთვის ქართველობა მორჩილებაა, მისი მორჩილება. და როცა ქართველი არ ემორჩილება, მისთვის მოქალაქეობაც ზედმეტია, თავისუფლებაც და ზოგჯერ ქართული ციხეც.

ცარიელ პროპაგანდადაა ქცეული მორალი, როცა ერთი მხრივ სახელმწიფო საპატრიარქოსთან ერთად საუბრობს „ქართული იდენტობის დაცვაზე“, ხოლო მეორე მხრივ უარყოფს ამ იდენტობას იქ, სადაც ის ცოცხლად, ყოველდღიურ პრაქტიკაში, სისხლში, მემკვიდრეობაში, ტრადიციასა და ენაში განაგრძობს არსებობას და ბრძოლას.

ეს შერჩევითი ნაციონალიზმი საბოლოო ჯამში თავად ქართველი ერის წინააღმდეგ მუშაობს: ბოლო 10 წელიწადში, საქართველოში ემიგრაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - ყოველდღიურად, საშუალოდ 100-ზე მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. დემოგრაფიული კლება, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების წილში მყარი ტენდენციაა. ამ ფონზე, ის ადამიანები, ვინც საქართველოს გარედან უბრუნდებიან, შეიძლება ითქვას, რომ დემოგრაფიული გადარჩენის სიმბოლოები არიან — და სწორედ ამ ხალხს უკეტავენ კარს, ან აძევებენ ქვეყნიდან.

ამასობაში, მმართველი პარტიისა და მის იდეოლოგიურ გაგრძელებად ქცეულ საპატრიარქოს ნაწილს ის უფრო ადარდებთ „კაცები არ გაუთხოვდეთ“, ვიდრე იმაზე ფიქრი და ზრუნვა, ბოლოსდაბოლოს მოვალეობა, რომ ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ, ძალადობით მოწყვეტილი ჩვენი თანამოძმეები თურქეთელი და ფერეიდნელი ქართველები ქართველი ერის და სახელმწიფოს სრულფასოვან ნაწილად ვაღიაროთ.

,,ბათუმელი მედროშეს,“ ისტორიული სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი ,,ჩვენებურის“ ქვეყნიდან გაძევებით, ,,ქართველობის გადამრჩენელად“ მოსულმა ფარისეველმა ძალამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ოცნებას ქართველისთვის - საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი, ქართული ცის ქვეშ თავისუფლება კი არა — ქართული ციხეც კი არ ემეტება.