"ხალხის მოტყუება უფრო ადვილია, ვიდრე იმაში დარწმუნება, რომ მას ამდენი ხანი ატყუებდნენ". ჭკვიანი კაცი იყო მარკ ტვენი. ალბათ თავადაც არაერთხელ მოტყუებულა და გაცრუებია იმედი. რთულია იმის აღიარება, რომ ამდენი ხანი ასე უტიფრად და თავხედურად გატყუებდნენ, შენს ნდობას თუ რწმენას ასე უნამუსოდ იყენებდნენ. მაგრამ დღეს საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში სურათი იმდენად ნათელია და მკაფიო, რომ ქვეყნის დასავლური მომავლის გულშემატკივარი, ტრადიციულად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი კი არა - ოცნების მომხრე მედასავლეთე უფრო მეტად უნდა ბრაზდებოდეს მათი მხარდაჭერით ასე ბოროტად სარგებლობისა და რუსულ ჩიხში სახელმწიფოსა და საზოგადოების შეყვანისთვის.
MEGOBARI აქტი უკვე წარმომადგენელთა პალატაშია… MEGOBARI აბრევიატურაა საქართველოს მხარდაჭერის კანონპროექტისა, რომლის სრული სახელწოდებაც "ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობისთვის საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების" აქტია. როგორც ჩანს, ამერიკელი კანონმდებლები უკვე თვეებია მუშაობდნენ ამ საკითხებზე, რადგან შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ - ოცნება რუსული კანონის უკან შემობრუნებას გეგმავდა. მეტიც, დღეს უკვე საერთაშორისო მედიაშიც ჩნდება ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარე ფლობს მტკიცებულებებს, "რომელსაც ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტის გაცამტვერება შეუძლია" და ეს ინფორმაცია დიდი ალბათობით საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებულ რუსეთის აგენტურას და ჩინეთის მავნე გავლენებს უკავშირდება.
კანონპროექტი, თუ ქვეყანა დემოკრატიის გზას დაუბრუნდება, ადამიანის უფლებებს აღარ დაარღვევს და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას და ყოვლისმომცველ სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. ხოლო თუ რუსული კანონი ძალაში შევა, ხელისუფლება კი ანტიდასავლურ რიტორიკასა და რაც მთავარია პოლიტიკას გააგრძელებს, ოცნების მთავრობის მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდებიან, ქვეყანა კი ამერიკის ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება.
რთული მისახვედრი არაა, რომ სიტყვა "მეგობარი" შემთხვევით არ არის შერჩეული და მიზნად ისახავს ამერიკელი კანონმდებლების გზავნილს ქართველებისთვის მშობლიური ჟღერადობა ჰქონდეს. ეს გზავნილი განკუთვნილია არა მოქმედი ხელისუფლებისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის. სახელწოდებაც ისეთი აქვს, რომ მისი მიზანი და სულისკვეთება გასაგები იყოს არა მხოლოდ პოლიტიკით დაინტერესებული პირებისთვის, არამედ საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში მცხოვრები უბრალო ადამიანებისთვის. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან და რა გველის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს სტრატეგიული მოკავშირის სტატუსის დაკარგვის, პირდაპირი გაგებით მეგობრის "მგმობებისა" და მტერთან ერთი ერთზე დარჩენის შემთხვევაში.
აშკარაა, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის საბოლოოდ გადალახულია წითელი ხაზი, რომლის იქითაც ივანიშვილთან და ოცნების მთავრობასთან რაციონალიზმისა და ადეკვატურობის ფარგლებში საუბარი შესაძლებელი იყო. ეს ვერბალურ დონეზე და სხეულის ენითაც ძალიან მკაფიოდ გამოხატა სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა საქართველოში ვიზიტისას, რომელიც პირდაპირი გაგებით შოკირებული იყო პრემიერ კობახიძესთან და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ. შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკა ჩამოყალიბებულია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და რგოლი ამუშავებული. ამაზე მეტყველებს გუშინდელი გამოხმაურება, როცა ამერიკელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების გარდა უკვე სამხედროებიც, გენერლები საუბრობენ თბილისის შეცვლილ კურსზე და საქართველოში მზარდ რუსულ გავლენებზე.
დრო ძალიან აჩქარდა. მის ძალიან მოკლე მონაკვეთში ვიხილეთ ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი 2 უმნიშვნელოვანესი მოვლენა: ივანიშვილის 29 აპრილის ავტორიტარული მანიფესტი გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილებით და ზუსტად სამ კვირაში კონგრესში ოფიციალურად დაინიცირებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც ერთის მხრივ ივანიშვილის რეჟიმის პუტინის ავტორიტარულ მოდელთან სწრაფი დაახლოების პასუხია, მეორეს მხრივ კი უდიდესი პატივისცემისა და მხარდაჭერის დემონსტრირება ქართველი ხალხის უპრეცედენტო მასშტაბისა და ხანგრძლივობის საპროტესტო აქციებით გამოხატული წინააღმდეგობისადმი რაც საქართველოს ევროატლანტიკური კურსის გადარჩენას და ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნებას ემსახურება.
სტრატეგიული ბუნდოვანების ეპოქა დასრულებულია. არც ამერიკაში, არც ევროპაში და ზოგადად არსად დემოკრატიულ სამყაროში აღარ დარჩა ლიდერი, ინსტიტუტი, შტო თუ რგოლი, რომელსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს საქართველოში მოქმედი რეჟიმის ბუნებასთან და მის რუსულ კავშირებთან. რაც იმას ნიშნავს, რომ აღარც საქართველოსადმი მოსალოდნელ ნაბიჯებთან მიმართებაში იქნება სიურპრიზები. "მეგობარი" აქტში, ისევე როგორც ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში უკვე ასახულია კონკრეტული პოლიტიკა, რომლის რეალიზებაც უახლოეს მომავალში მოხდება, თუ საქართველო რუსულ სისტემასთან დიფუზიას გააგრძელებს. ეს კი ნიშნავს პროცესში ჩართული ყველა იმ პირისა თუ ფიგურის არა მხოლოდ სანქცირებას, არამედ მათ სრულ ლუსტრირებას საერთაშორისო თუ ადგილობრივი საზოგადოებისთვის, ამაზე პირდაპირი მინიშნება დღეს რადიო თავისუფლების წაყაროს მეშვეობით გაკეთდა. აი მორალურ სიცხადეს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რადგან სხვადასხვა კონიუნქტურული მიზეზის გამო ოცნების შემორჩენილი მხარდამჭერები, მათი ოჯახის წევრები, ვერანაირი საღი აზრისა და ლოგიკის ფარგლებში ვეღარ მოახერხებენ ისედაც არარსებული დასავლური მხარდაჭერით სპეკულირებას, მმართველი გუნდის პოლიტიკის გამართლებას და მხოლოდ გლობალური ომის პარტიის, მასონების, სიონისტებისა თუ სხვა მითების ამარა დარჩებიან, რაც საზოგადოების ნაწილის მოტყუებას სულ უფრო მეტად გაართულებს. თუმცა ამისთვის საკმარისი მიზეზი და მტკიცებულება აქამდეც მრავლად იყო. აქ კი მარკ ტვენის ის ციტატა გაგვახსენდება, რითაც დავიწყეთ : "ხალხის მოტყუება უფრო ადვილია, ვიდრე იმაში დარწმუნება, რომ მას ამდენი ხანი ატყუებდნენ".
სურათი ასეთი მკაფიო არასდროს ყოფილა - თუ ესეც საკმარისი არაა, ე.ი. კი არ გატყუებდნენ, არამედ თავს იტყუებდი, რაც იმას ნიშნავს რომ მეგობრობას თვიდანვე БРАТУХ-ობა გერჩივნა..