მთავარი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას თქმით, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, მთავარი არხი დახუროს. მისი თქმით, ამას ზაზა ოქუაშვილი რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის გოგი ქურდაძის ხელით აკეთებს.
გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც "დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება". კერძოდ, აღნიშნავს, რომ გოგი ქურდაძე, ზაზა ოქუაშვილის დავალებით, ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე.
გიორგი გაბუნიას ბრიფინგზე არხის სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ "სადამდეც შეძლებენ, იბრძოლებენ და იქნებიან ეთერში".
"როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, სასტიკად აწამებენ, ძარცვავენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ და ციხეებში ყრიან და როდესაც ამ მოვლენების წინა ხაზზე მდგომი ჟურნალისტები მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები არიან, რამდენიმე მათგანი ჩვენს თვალწინ შემთხვევით გადაურჩა სამუდამო დასახიჩრებას ან სიკვდილსაც, აი, ამ დროს, მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად, თვითონაც ჩაერთოს ქართული ოცნებისგან წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადვეც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს, ნაცვლად იმისა, რომ ამ ვითარებაში დამფუძნებელი პირიქით, ყველაფერს აკეთებდეს გუნდის დასახმარებლად.
ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება. ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი. ეს ძალიან მტკივნეულია და ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში, ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით, რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად, სხვა მხრივ კი მას არ გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი კომპეტენცია, არც კი იცნობს თავისი არხის თანამშრომლებს, აიგნორებს მათ თხოვნას, რომ უბრალოდ შეხვდეს მაინც მათ და საერთოდ არც კი დადის სამსახურში.
ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით ნამდვილად აკეთებს არის ის, რომ ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე - მისი წყალობით, ჩვენს თანამშრომლებს შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს, მაგრამ ოქუაშვილს და ქურდაძეს ეს არ აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი - როგორც დამფუძნებელი და დირექტორი - პასუხისმგებელნი არიან კომპანიის თანამშრომლებზე.
ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით, მთავარი არხი უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელ-ნელა წყდება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც საბოლოოდ, არხის მუშაობას უბრალოდ შეუძლებელს გახდის, ეს კი ზუსტად ის არის, რაც დღეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს.
თავისი გადაწყვეტილებების გასამართლებლად, ოქუაშვილი გვიყენებს ჩვენ ისეთ აბსურდულ ბრალდებებს, რომელსაც განხილვის ღირსადაც კი არ ვთვლი მე აქ, იმდენად შორს წავიდნენ თავიანთ სიცრუეში, რომ ამტკიცებენ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვმფარველობს და ოლიგარქთან ვართ გარიგებული. [...]
სინამდვილეში, ყველაფერი ნათელია და ზუსტად პირიქით არის, თუ დღეს ვინმე მთავარ არხზე აკეთებს ქართული ოცნების საქმეს, ეს არის ზაზა ოქუაშვილი, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყავს არხი დახურვამდე და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ან მასთან სავაჭროდ აკეთებს. როგორც, ალბათ, იცით, ოქუაშვილს აქვს მძიმე სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილთან, რაც კი არ გამორიცხავს მათ შორის თანამშრომლობას, არამედ პირიქით - სწორედ ამ დავაში შეთანხმების მისაღწევად ოქუაშვილს ძალიან სჭირდება მთავარი არხით მანიპულირება.
ქართულ ოცნებასთან გარიგება ოქუაშვილის მხრიდან სიახლე არ არის - შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი ოჯახის წევრებმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა მისცეს ხმა ოცნებისთვის სასურველ იუსტიციის საბჭოს წევრებს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აკლდებოდა საკუთარი ხმები ამ კანდიდატების გასაყვანად და აუცილებლად სჭირდებოდა რამდენიმე ოპოზიციური ხმაც. მაშინ მაშველ რგოლად სწორედ ოქუაშვილის ოჯახის წევრები გამოჩნდნენ.
ჩვენ, არ გვიბრძოლია ამდენი იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს არხი ზაზა ოქუაშვილის სახით ბიძინა ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში, ამიტომ, სადამდეც შევძლებთ ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის მთავარია, ბოლო წუთამდე ვიდგეთ კოლეგებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილებში და მოგიყვეთ, რა ხდება იქ, სადაც წყდება საქართველოს ბედი. ვერანაირი გოგი, ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს, ვიდგებით ბოლომდე", - თქვა გიორგი გაბუნიამ.