
პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
ასევე, 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს ირაკლი პაპიაშვილს. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ სხდომა დახურა.
***
გამოძიება კომპანია ელთ ბილდინგის საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
11 მარტს, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.
გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით მოსამართლე იზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების რისკზე მიუთითებდა.
გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. დაკავების შემდეგ მან მოსამართლეს "მურუსიძის მონა" უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი სანქცირებისთვის.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ მიიღო. პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის თქმით, გირაოს პატიმრობით შეცვლის მიზეზი ბრალდებულთა მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირაკლი პაპიაშვილს, მისი გირაო უცვლელი დარჩა.
მოსამართლემ განმარტა, რომ ირაკლი პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ ვერ მოისმინა დასაბუთებული არგუმენტი, რომელიც გირაოს პატიმრობით შეცვლის საჭიროებას დაადასტურებდა.
12 მარტს, გიორგი ჩიკვაიძემ შიიმშილობა დაიწყო. 20 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის პენიტენციური სამსახურიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, გიორგი ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ საბადრაგო სამსახურმა ის გააშიშვლა, ბუქნების გაკეთება აიძულა, შემდეგ კი სკანერზე გაატარეს.