გიორგი ბაჩიაშვილი: მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე

გიორგი ბაჩიაშვილი: მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივებით დაიწყო და საქართველოში დემოკრატიის რღვევის პროცესის ნაწილია.

ბაჩიაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო - იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში, მისი შეფასებით, ჯერ კიდევ არსებობდა დემოკრატიული სივრცე. მისი განცხადებით, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მან უარი თქვა ანტიდასავლურ პროპაგანდაში მონაწილეობაზე:

„მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია, მაგრამ შემდეგ დაიწყო შურისძიება. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მე ნული მაქვს მართლმსაჯულების მიმართ ნდობა.“

ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ქვეყანაში დარჩენა სურდა, თუმცა მუქარის წერილის მიღების შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა:

„მომივიდა წერილი, რომ ციხეში გაგჭყლიტავო. თვითმფრინავში დამხვდა ანრი ოხანაშვილი, სადაც მე ტომარაჩამოფარებული ვიყავი. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე.“

ბაჩიაშვილის თქმით, მისი „დაპატიმრება“ წინასწარ იყო ორგანიზებული, ხოლო მისი დაბრუნება საქართველოში ცრუ სცენარით ჩატარდა. მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ავიაკომპანია „აირზენა“.

სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილმა აღწერა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც მისი თქმით, ციხეში განიცდიდა:

„ქსნის ციხიდან ჩამოიყვანეს ჯალათი, რომელმაც საკანში შემოსვლისთანავე დამიწყო ცემა. მახსოვს მხედრიონის დრო, ახლა 21-ე საუკუნის მხედრიონია.“

მისი განცხადებით, სასამართლო პროცესები იყო დახურული, რაც უფლებების დარღვევას წარმოადგენს. ასევე, მასთან კომუნიკაცია აეკრძალა როგორც ადვოკატებს, ისე სახალხო დამცველს:

„ციხეში გამიწყვიტეს გარესამყაროსთან კავშირი. ადვოკატებთან ამიკრძალეს კომუნიკაციის უფლება... ჩემს მიმართ სამართალი არცერთხელ არ განხორციელებულა“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.