შოვის სტიქიას გადარჩენილი გიორგი ადამია Facebook-ზე წერს, რომ მომხდარიდან ხუთი თვის შემდეგ არც მას და არც სხვა გადარჩენილებს დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ.
მისივე თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გადარჩენილებს სტიქიის დროს "სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება" არ მიუღიათ.
ხუთი თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან, არც მე და არც სხვა ჩემთან ერთად გადარჩენილს დღემდე არ მიგვიღია დაზარალებულის სტატუსი, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დაადგინა რომ მსუბუქად დავზიანდით და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიგვიღია.
ჩვენ ადამიანები რომელიც ოთხი საათი მეწყერში ვხოხავდით, ყოველი წამი საშიში იყო ჩვენი და ჩვენი ბავშვების სიცოცხლისათვის. ავტომობილები რომლებშიც ვისხედით წამებში მეწყერმა გაგვტაცა და გაანადგურა, დღეები ფეხზე ვერ ვდგებოდით. ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები თუ როგორ გავურბივართ მეწყერს, მე და თომას რაჭის გაგონებაზე უსიამოვნო განცდა გვეუფლება, მთის დანახვაზე შიშის გრძნობა გვიპყრობს საქართველოს მთავრობამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხზე დაგვიკიდა, ჩემს ოჯახს მათგან არანაირი ყურადღება, თანადგომა არ მიგვიღია ამ ხუთი თვის მანძილზე.
შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას! მადლობა ღმერთს ჩვენი გადარჩენისთვის და იმ რაჭველ ბიჭებს ვინც გამოგვიყვანა იმ საშინელებიდან. კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს"- წერს ადამია.
***
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოიყვანეს.
სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.
რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".