გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთი თბილისთან "გამოწვევების ასაცილებლად მუშაობაზე" საუბრობს

გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთი თბილისთან "გამოწვევების ასაცილებლად მუშაობაზე" საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილე საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე "გამოწვევების თავიდან ასაცილებლად" მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს.

ლავროვის მოადგილის კომენტარს რუსული პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს.

"ბოლო ინციდენტის ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, ხაზი გაესვა თავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამოწვევები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში.

მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ერთის მხრივ თბილისსა და სოხუმს და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე. ასევე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე მათი შემდგომი დემარკაციით", - თქვა მან ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თავმჯდომარეების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.