თბილისის ღვინის მუზეუმი განცხადებას ავრცელებს, სადაც მუზეუმში კულტურის სამინისტროს მხრიდან ჩარევაზე საუბრობს.
მუზეუმში აცხადებენ, რომ დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა ხელმძღვანელობას დაწესებულების სამუშაო საათების შემცირების შესახებ მოულოდნელად აცნობა.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება დასაქმებულებისთვის მიუღებელია, ხოლო ჭიპაშვილის მიერ დასახელებული არგუმენტები - აბსურდული.
ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მუზეუმის დისკრედიტაციას, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ბიზნესში უხეშ ჩარევას და ხელოვნური მიზეზებით მუზეუმის ფუნქციონირების შეფერხებას ემსახურება.
ამასთან, როგორც ღვინის მუზეუმში ამბობენ, ეს არ არის კულტურის სამინისტროს მხრიდან ჩარევის პირველი შემთხვევა და ამბობენ, რომ მარტიდან სამინისტრომ ქარვასლას შენობაში შესვლა ფასიანი გახადა, შედეგად კი თბილისის ღვინის მუზეუმს სტუმრების რაოდენობა შეუმცირდა.
მუზეუმის განცხადება სრულად:
"თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორის, ქალბატონ ნინო ჭიპაშვილის გადაწყვეტილებით თბილისის ღვინის მუზეუმს, რომელიც წარმოადგენს კერძო და საჯარო პარტნიორობით შექმნილ უნიკალურ მუზეუმს, სამუშაო საათები უნდა შეუმცირდეს. აღნიშნულის შესახებ მუზეუმის ხელმძღვანელობას სამუშაო კვირის ბოლო დღეს, პირადად მუზეუმის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა მოულოდნელად აცნობა.
ჭიპაშვილმა გვითხრა, რომ მისი გადაწყვეტილებით, თბილისის ღვინის მუზეუმის სამუშაო საათები უნდა შემცირდეს 20:00-ის ნაცვლად 18:00 საათამდე, ასევე უნდა შემცირდეს სამუშაო დღეები. გადაწყვეტილების მიზეზად იმ შენობის ცენტრალური შესასვლელი დაგვისახელა, რომლის ერთ სართულზეც, ჩვენი სამუზეუმო სივრცეა. საუბარია სიონის ქუჩის 8 ნომერში მდებარე ქარვასლის ისტორიულ შენობაზე, რომლის ორი სართულიც სახელმწიფო საკუთრებას კერძოდ კი „თბილისის ისტორიის მუზეუმს“ წარმოადგენს. ვინაიდან სახელმწიფო მუზეუმი წყვეტს მუშაობას 18:00-ზე ნინო ჭიპაშვილის გადაწყვეტილებით ჩვენი სამუშაო საათებიც 18:00-მდე უნდა შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში 18:00-ის შემდეგ მოსულ ვიზიტორებს მუზეუმის ცენტრალური შემოსასვლელი კარი დაკეტილი დახვდებათ.
საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელია, ხოლო არგუმენტები აბსურდული. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ემსახურება მუზეუმის დისკრედიტაციას, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ბიზნესში უხეშ ჩარევას და ხელოვნური მიზეზებით მუზეუმის ფუნქციონირების შეფერხებას.
თბილისის ღვინის მუზეუმი ვიზიტორებს 2020 წლიდან მასპინძლობს. სამი წლის განმავლობაში იყო არაერთი წარმატებული პროექტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს შეტანილი როგორც ქვეყნის კულტურულ განვითარებაში, ასევე საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით. თბილისის ღვინის მუზეუმი 2022 წელს დასახელდა მსოფლიოს 10 საუკეთესო მუზეუმთა შორის. ეს არის სივრცე, სადაც ვიზიტორებს არა მხოლოდ ქართულ ღვინოზე და კულტურაზე შეუძლიათ სანახაობრივი, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მიღება, არამედ შეუძლიათ ქართული სამზარეულოს გაცნობა, რომელიც ჩვენ სივრცეში რესტორან არქივის სახით არის წარმოდგენილი. რესტორნის, რომელიც ქალაქის 10 საუკეთესო რესტორანს შორის პირველ ადგილზეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ მარტოს არ მიგვიღწევია, მხარში გვიდგას სახელმწიფო სტრუქტურები. ეს პროექტი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით მიღწეულ იქნას წარმატება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ. სამწუხაროა, რომ მათ სიაში არ შედის კულტურის სამინისტრო.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფერხებს და ხელს შეუშლის ყველა იმ კერძო სივრცის განვითარებას, რომელიც ჩვენს შენობაშია განთავსებული.
თბილისის ღვინის მუზეუმს დღის განმავლობაში ბევრ ვიზიტორი სტუმრობს. მათ შორის არიან ტურისტული ჯგუფები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გვაქვს წინასწარი ჯავშნები მთელი სეზონის განმავლობაში. სტუმრების უდიდეს ნაწილი მუზეუმში ვიზიტს დღის მეორე ნახევარში გეგმავს. დღის მეორე ნახევარში გვაქვს მიღებული ჯავშნების უმეტესი რაოდენობაც. ნინო ჭიპაშვილის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უარი უნდა ვუთხრათ ყველა იმ სტუმარს რომელთა მასპინძლობისთვისაც ჩვენი გუნდი მთელი წელი ემზადებოდა.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურის სამინისტრო უხეშად ცდილობს თბილისის ღვინის მუზეუმის საქმიანობაში ჩარევას. მიმდინარე წლის მარტის თვიდან კულტურის სამინისტრომ ჩვენთან შეუთანხმებლად ქარვასლას შენობაში შესვლა ფასიანი გახადა. აღნიშნულის შესახებ შევიტყვეთ მხოლოდ იმ მანიშნებელი ბანერიდან, რომელიც შენობის შესასვლელში დაგვხვდა განთავსებული, შედეგად კი თბილისის ღვინის მუზეუმს სტუმრების რაოდენობა შეუმცირდა.
საქართველო ღვინის სამშობლოა და თბილისის ღვინის მუზეუმი წარმოადგენს სივრცეს, რომელიც აცნობს თბილისის სტუმრებს ამ უდიდეს კულტურას. მუზეუმის საქმიანობაში ხელშეშლა არარაციონალური ქმედება და პიროვნული ინტერესების დაკმაყოფილების მცდელობაა. მოვუწოდებთ სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს გამოიჩინონ გულისხმიერება და დაგვეხმარონ ხელოვნური ბარიერების მოხსნაში"- ნათქვამია განცხადებაში.