გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში ისრაელსა და პალესტინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ღაზა ბავშვების სასაფლაოდ იქცა".
"ცეცხლის შეწყვეტა - ახლა ეს ღაზაში მძევლების უპირობო გათავისუფლებას ნიშნავს. მე არ დავიხევ უკან და ვიმუშავებ მათი დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის.
ამ ტანჯვის დასრულებაზე პასუხისმგებლობა არამხოლოდ კონფლიქტის მხარეებს ეკისრებათ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 240 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.