პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. ღარიბაშვილის მტკიცებით, "ბავშვებზე ზრუნვა ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია".
"დღეს, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე.
წლიდან წლამდე სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესრულებას ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი. წელს, პირველი ივლისიდან, ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა.
ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბავშვებისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე ზრუნვას და ჩვენი მომავალი თაობებისათვის განვითარების სულ უფრო უკეთესი შესაძლებლობების შექმნას.
ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში", - წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.
***
იმ ფონზე, როცა პრემიერმინისტრი ირწმუნება, რომ "ბავშვებზე ზრუნვა ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიოტეტია", არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოში ბავშვები მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდიან.
UNICEF-ის ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, სოციალურ და მატერიალურ დანაკლისს საქართველოში ბავშვების 38% განიცდის. ამასთან, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% არ დადის საბავშვო ბაღში. გარდა ამისა, კვლევის თანახმად, ბავშვებისთვის საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა - ბავშვების 45%-ს არ აქვს არც ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ.
ამავე კვლევის თანახმად, ბავშვებისთვის სასკოლო პერიოდში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვევებიან სასკოლო საათებში.
კვლევაში საუბარია საჭირო სამედიცინო მკურნალობაზეც, რომლის თანახმადაც, 2022 წელს ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში კი ძირითადი ბარიერები ფინანსებთან იყო დაკავშირებული.
გაეროს ბავშვთა ფონდმა 2023 წელს ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ამასთან, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრასიის ნიშნები და მათ მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე.
დეპრესიის ნიშნები ახალგაზრდებში, შფოთვის სიმპტომები და ფიქრები სუიციდზე - UNICEF-ის კვლევა
ბავშვთა სიღარიბეზე საუბარია სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშშიც. ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ სიღარიბე, განსაკუთრებით კი ბავშვთა სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 330 148 შეადგინა. ამასთან, აღნიშნულია, რომ ბავშვთა სიღარიბის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმი.
ომბუდსმენის ანგარიშში საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებაც და აღნიშნულია, რომ კვლავ პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, სკოლის პერსონალისა და მშობლების ინფორმირებულობა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის კვლავ გართულებული იყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მათ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული განათლების მიღების უფლებით სარგებლობა. მაგალითად მოყვანილია სასამართლოს მიერ განხილული ერთ-ერთი საქმე, რომელზეც სასწავლო დაწესებულებამ ბავშვის დედას რეკომენდაცია მისცა, სწავლების პროცესში ბავშვისთვის სპეციალური მასწავლებელი თავად დაექირავებინა.