პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის რადაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ "საკვირველი და გამაოგნებელია, როდესაც ომში მყოფი ხელისუფლება იცლის, დროს ხარჯავს ერთ-ერთ კრიმინალზე".
"უკრაინის ინტერესი და უკრაინის რადა ახსენეთ თქვენ... მინდა გავიმეორო, რამდენიმე დღის წინ კითხვად დავსვი უბრალოდ, საკვირველი კი არა, ეს არის გამაოგნებელი, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს ხარჯავს, კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით, ასე ვთქვათ, მთელ მსოფლიოს ცდილობს თავს მოახვიოს საკუთარი ძალიან ბევრი ტყუილი, ვითომ იგი მოწამლეს, აწამეს და ა.შ. საერთოდ გაუგებარია და კითხვა მინდა დავსვა საჯაროდ - ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ, ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხომ არ ამყარებს თუნდაც მათი განსაკუთრებული დაინტერესება სააკაშვილის მიმართ, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ჩამოსვლის დროს იყო ინფორმირებული წინასწარ.
მე ლოგიკური კითხვები მიჩნდება და ამას ამყარებს ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სამსახურებს ჰქონდათ მიღებული და მტკიცებულებები, რომლებიც მოიპოვა გამოძიებამ იმასთან დაკავშირებით, რომ როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, შემოიპარა კონტეინერით, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი. უკრაინაშიც ანალოგიურად, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უკრაინის კანონმდებლობით საზღვრის უკანონოდ კვეთა ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირების მოხდენა? მეტიც, არა თუ რეაგირება და გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას თუ არ ვცდები მრჩეველია ის უკრაინის პრეზიდენტის", - აცხადებს ღარიბაშვილი.
14 ივლისს უკრაინის უმაღლეს რადაში მხარი დაუჭირეს მიმართვის პროექტს, რომლის თანახმადაც დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
მიმართვის პროექტი გულისხმობს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარების, ევროპარლამენტარების, გაეროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისადმი.
დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები, რათა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აუცილებლად განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.