პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება გააკრიტიკა. ღარიბაშვილის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობა "არის შედეგი იმ ოკუპაციისა, რომელიც დამყარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ".
"ეს არის დიდი დანაშაული და ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმკით. იცით, რომ, ეს არის სამწუხაროდ შედეგი იმ ოკუპაციისა, რომელიც დამყარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. არ მინდოდა, ასეთ პოზიტიურ დღეს მესაუბრა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე, რომელიც უმძიმესია და ამ პოზიტიურ დღეს არ ჩამოვთვლი ამ მძიმე მემკვიდრეობას, მაგრამ ერთ-ერთი მძიმე დანაშაული, გამოუსწორებელი შეცდომა, მძიმე წარსული მემკვიდრეობა რომელიც დაგვიტოვეს, არის ოკუპაცია. [...] ჩვენ მათ მიერ დატოვებული ბევრი უმძიმესი დანაშაული გამოვასწორეთ, არაერთ სფეროში, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ შევძელით გამოსწორება იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რასაც ჰქვია ოკუპაციის დასრულება. მაგრამ მჯერა, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, მშვიდობიანად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას", - თქვა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტები გაიხსენა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან "არ ახსენდება ისეთივე აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ატეხეს".
"მე მახსენდება, ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს, რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტი, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ, მაგრამ რატომღაც არ მახსენდება მათ მიერ ასეთივე აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ატეხეს. სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ, ბატონი გარდაცვლილი თამაზ გინტური არ ყოფილა პირველი. და მანამდეც, წინა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად მძიმე ფაქტები ჩვენი თანამოქალაქეების გატაცების, უკანონო დაკავების, წამების და მოკვლის და რატომღაც, აღარ ახსენდებათ ამ ადამიანებს, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი და ეს არის მათი მმართველობის შედეგი, რაც მათ დაგვიტოვეს - ოკუპაცია.
მათ შორის, სოფელი კირბალი აგვისტოს ომამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო და დღეს, ვხედავთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ აღმოჩნდა საოკუპაციო ზოლის მეორე მხარეს. ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ვართ პასუხისმგებლობიანი მთავრობა, ვაგებთ პასუხს ჩვენი ხალხის, ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო, უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, არ დაუკარგავს ტერიტორიები. რა თქმა უნდა, უმძიმესი ფაქტი მოხდა და თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ჩვენთვის უძვირფასესი, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ დღეს არავის ეპარები ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დღეს აქ იქნებოდა ომი, უბედურება, ნგრევა", - თქვა ღარიბაშვილმა.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.