პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ ბრალდებებს გამოეხმაურა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის 1 მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. რეალურად, გახსოვთ, რომ ალბათ ერთი წელია მუდმივად ისმოდა ბრალდებები აი ამ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც თავად ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან მოპარული, ნაძარცვი ფულით. ეს რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ალბათ ორი წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც იქნა გაწეული ერთობლივად და ჩვენ, ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია.
გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, არის კატასტროფული და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე, მოგეხსენებათ, ჯარი გაძარცვა ჯერ, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ატერორებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონრები. მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული. ასე რომ, როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ რა თქმა უნდა"- თქვა ღარიბაშვილმა.
ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გლობალურ სქემაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, ევროპის მოსახლეობის ძარცვას უკავშირდება. გამოცემა ამ სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილს ასახელებს.
სტატიის მიხედვით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილის ოფშორული კომპანიების ქსელებთან, ე.წ Milton Group-თან კავშირს ადასტურებს. სტატიის ავტორების ვარაუდით, კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია, რის მტკიცებულებადაც ე.წ Milton Group-ის ყოფილ თანამშრომლებს ასახელებს, რომლებმაც ჟურნალისტებს კეზერაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის სტატიაში აღწერილი ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია, მონაწილეობა არ მიუღია მსგავს სქემებში.
დავით კეზერაშვილი გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს ინფორმაცია ქოლ-ცენტრების საქმეში რეალურად ჩართულ მაღალჩინოსნებზე.
რა სქემაზე საუბრობს BBC ჟურნალისტურ გამოძიებაში და რას ამბობს დავით კეზერაშვილი