
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ფორმულას კითხვას პასუხობს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელების შეწყვეტისკენ.
საგარეოს თქმით, "გერმანიის ელჩი საქართველოში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. ნებისმიერი ჩარევა დიპლომატიურ საქმიანობაში დაუშვებელია".
"შეშფოთებით აღვნიშნავთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ განგრძობით აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩზე თავდასხმები მიუღებელია.
გერმანია და ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი", - ნათქვამია განცხადებაში.
***
მანამდე, ირაკლი კობახიძემ პიტერ ფიშერზე თქვა, რომ "გერმანიას ელჩი არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში".
საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის ცნობით, გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაყინა.
ელჩი მიზეზად "საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას" ასახელებს.
ის ამბობს, რომ ეს ჯერ არ ეხება გერმანიის "გულუხვ სასტიპენდიო პროგრამებს, მაგალითად, DAAD-ს" და აღნიშნავს, რომ "გერმანია აგრძელებს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტის გადახედვას".
დღეს, 28 თებერვალს, გერმანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF)დიალოგს იმ პირებით განაახლებს, თუ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნოსა და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
გერმანიის საელჩო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ გაცვლითი პროგრამები არ შეჩერებულა და კვლავ გაგრძელდება.