გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

გერმანიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით, 11:00 საათზე) გაიხსნა და 18:00 საათზე (თბილისის დროით, 21:00 საათზე) დაიხურება.

მოქმედ მმართველ პარტიას – სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) – სამი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) და "მწვანეები" (GRÜNE).

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტი მხარდაჭერა – 29% – ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU-CSU) აქვს. მეორე ადგილზე 20.6%-ით "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) იმყოფება, მესამე პოზიციაზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) 15.5%-იანი მხარდაჭერით, ხოლო "მწვანეები" (GRÜNE) 12.9%-ს აგროვებენ.

გერმანიის ბუნდესტაგმა 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობაში კრიზისი 6 ნოემბერს დაიწყო, როდესაც კანცლერმა შოლცმა ფინანსთა მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ქრისტიან ლინდნერი, თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ მმართველი კოალიცია, რომელიც "სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან" (SPD), "მწვანეებისა" (GRÜNE) და "თავისუფალი დემოკრატებისგან" (FDP) შედგებოდა, ოფიციალურად დაიშალა.