გერმანია ჰამასის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. საქმე დაჯგუფების მიერ გერმანიის მოქალაქეების გატაცებას, მძევლად აყვანასა და მკვლელობას ეხება.
როგორც AFP-ს გერმანიის ფედერალური პროკურატურის სპიკერმა განუცხადა, გამოძიება დაიწყეს "რადიკალური პალესტინური ისლამისტური ორგანიზაციის, ჰამასის დაუდგენელი წევრების მიმართ".
პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით, ფესტივალიდან გატაცებული ქალის დედამ მიმართა.
***
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.