გეოგრაფები და სამოქალაქო განათლების სპეციალისტები ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურებიან.
მათი თქმით, გმობენ ყველაფერს, რაც აფერხებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ისინი პარლამენტს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
"გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სპეციალისტებს ძალიან კარგად გვესმის ყველა იმ ბენეფიტის შესახებ, რომელიც დასავლურ დახმარებას შემოაქვს ქართულ განათლების სისტემაში, მათ შორის ჩვენი საგნების სწავლების პროცესში.
ვგმობთ ყველაფერს, რაც ოდნავ მაინც აფერხებს საქართველოს პროცესს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. ამიტომ, დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უკან წაიღოს სადავო კანონპროექტი", - ნათქვამია განცხადებაში.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.