აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის აქტიური ეტაპი, შესაძლოა, კიდევ 30-45 დღე გაგრძელდეს.
"მძიმე ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება. უკრაინელები იბრძვიან და თანმიმდევრულად წინ მიიწევენ. ჯერ კიდევ რჩება დრო, ალბათ, დაახლოებით, 30-45 დღე [აქტიური ბრძოლისთვის]. ასე რომ, უკრაინელებს ბრძოლა ჯერ არ დაუსრულებიათ.
მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ომი იქნებოდა ხანგრძლივი, ნელი, რთული და მსხვერპლიც დიდი იქნებოდა, ასეც არის", - ამბობს გენერალი მილი.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში, სოფელი რაბოტინო სრულად გაათავისუფლეს, ხოლო ბახმუტის მიმართულებით წარმატებას აღწევენ.