გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: შესაძლოა, დარბევისას ივანიშვილისგან მოდიოდეს ბრძანებები

გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: შესაძლოა, დარბევისას ივანიშვილისგან მოდიოდეს ბრძანებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, აქციების დარბევის ბრძანებებს თავად ბიძინა ივანიშვილი გასცემდეს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის და ზვიად ხარაზიშვილის მჭიდრო კავშირების შესახებ ინფორმაცია აქამდეც ჰქონდა.

"შეიძლება, ივანიშვილისგანაც მოდიოდეს ბრძანებები პირდაპირ. არ გამოვრიცხავ, რომ ის კავშირზე იყოს სხვა დეპარტამენტის ხელმაძღვანელებთან, მაგალითად ჩემი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან", - ამბობს შაიშმელაშვილი.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი აღნიშნავს, რომ ბრძანების გარეშე პოლიციელი ადგილიდან არ გაინძრევა.

"ბრძანების გარეშე პოლიციელი ადგილიდან არ გაინძრევა. თუ არ აქვს მას მითითება განახორციელოს დევნა, ის არ გაეკიდება. იქ შეიძლება იყოს გარკვეული გადაცდომა, ცალკეულმა პოლიციელმა გადაამეტოს ძალა, მაგრამ ჯგუფურად, მასობრივად, მუდმივად? ერთი დღე იყო, კარგით, განიხილეს ეს შემთხვევები? რამე შეიცვალა მეორე, მესამე დღეს? ამ სიმძიმის ტვირთის იმ ბიჭებზე გადატანა, სისტემას აკნინებს, რომ გყავს თანამშრომლები, რომლებიც არ გემორჩილებიან", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.