ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.
საუბარია 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
"სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.