გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი: იმ ადამიანებს აფარებენ ხელს, ვინც ეს საზარელი ფაქტი ჩაიდინა

გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი: იმ ადამიანებს აფარებენ ხელს, ვინც ეს საზარელი ფაქტი ჩაიდინა

მუშაობენ იმ ვერსიაზე, რომ სავარაუდოდ, ეს ადამიანი საპირფარეშოში შესვლის დროს წაიქცა და მიიღო გარკვეული დაზიანებები, - ამის შესახებ გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა.

"გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებამ როდესაც "ვივამედში" შეიყვანა იოსებ გორგაძე, შეიყვანა ინსულტის ნიშნებით. შემდეგ "ვივამედის" კლინიკამ გასცა შესაბამისი დოკუმენტაცია, სადაც ინსულტი არ არის მოხსენიებული საერთოდ. მას ჰქონდა თავის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. ვინც ეს საზარელი ფაქტი ჩაიდინა, იმ ადამიანებს ხელს აფარებენ. ეს არის ფაქტი. გამოძიებას ჯერჯერობით არაფერი დაუდგენია ფაქტთან დაკავშირებით. მუშაობენ იმ ვერსიაზე, რომ სავარაუდოდ, ეს ადამიანი საპირფარეშოში შესვლის დროს წაიქცა და მიიღო გარკვეული დაზიანებები. წარმოუდგენელია სახის მიდამოში, დაახლოებით 30 მოტეხილობა ჰქონდეს ადამიანს ადამიანის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად", - განაცხადა ღურწკაიამ.

46 წლის იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა "ვივა მედში" გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო.