პარლამენტის შენიბასთან მაღაროელები აქციას მართავენ. ისინი ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოვიდნენ.
ადგილზე შეკრებილი არიან მოქალაქეებიც, რომლებიც მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ.
"ჩამოვედით იმისთვის, რომ ეს კომპანია რომ შემოვიდა, წამოგვიყენეს ახალი სამუშოები, ბევრი სამუშო დაგვიმატეს და ხელფასები დაგვიკლეს. ასე არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ვიბრძვით იმისთვის, რომ ოჯახში ლუკმა-პური მივიტანოთ და ამასაც გვიკრძალავს ეს კომპანია. იქნებ, მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
დღეს ჯორჯიან მანგანეზში პრესკონფერენცია გამართეს და გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვეს, თუმცა პირობებს კვლავ არ ასრულებენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაროელებს შეხვედრაზე ხელფასის 5%-ის მატება შესთავაზეს, მაღაროელები კი 20%-ის მატებას ითხოვენ.
დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა.
18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.
15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.