ჯორჯიან მანგანეზში ჭათურაში გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამენ, თუმცა პირობებს კვლავ არ ასრულებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაროელებს შეხვედრაზე ხელფასის 5%-ის მატება შესთავაზეს, მაღაროელები კი 20%-ის მატებას ითხოვენ.
ჯორჯიან მანგანეზში ამტკიცებენ, რომ კომპანია წლების განმავლობაში ზარალშია და ეძებს კრიზისიდან დაძლევის გზებს, რის გამოც, ხელფასის მეტი პროცენტით მატება არ შეუძლიათ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მზაობაა, ხელისუფლების ჩართულობით, დასაქმებულებმა და დამსაქმებლებმა ერთობლივად იმსჯელონ არსებული ფინანსური კრიზისიდან დაძლევის გზებზე.
"სამწუხაროდ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პირმა მიმართა პროტესტის რადიკალურ ფორმას, რაც ძალიან სამწუხაროა და მინდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება და სიცხადე შემოვიტანო. თემა ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, თითქმის ყველა საკითხზე შევჯერდით დასაქმებულებთან. მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეგვექმნა ხელფასის მატების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ხელფასის მატება შეთავაზებულ იქნა 5%-ის ოდენობით, რაც მათთან გაფორმებული შრომითი კოლექტიური ხელშეკრულებით ვალდებულებას ითვალისწინებდა. ცალსახად, მოთხოვნილი იქნა 20%. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტეთ და განვმარტავთ, რომ კომპანია წლებია ზარალიანია ჭიათურაში, წლებია ეს კრიზისი გრძელდება. ჩვენ ვცდილობთ ამ კრიზისიდან დაძლევის გზებს. სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული იქნა კომისიის შექმნა ამ კრიზისის შესწავლის გზებზე, პრობლემებზე.
ჩვენი მხრიდან მზაობაა, რომ დამოუკიდებელი აუდიტორია იქნას მოწვეული, შესწავლილი იყოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა რესურსი, რომ 15% დამატებით გაუზარდოს ხელფასი თანამშრომლებს. შეთავაზებული იქნა მათთვის ისიც, რომ დავდოთ აუდიტის დასკვნა, ვნახოთ არსებული ფინანსური მდგომარეობა, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანია, სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში, არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ ყველაფერი შეჩერებული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში არსებული კრიზისის ფონზე, იძულებული ვართ საწარმო გავაჩეროთ. ვცდილობთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და ამ კრიზისის დაძლევის გზებზე ყველაზე მთავარ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. კიდევ, კვლავ ვმეორდებით, მზად ვართ, ღია ვართ დამოუკიდებელი აუდიტის ჩართულობით, კომისიის შექმნის გზით, რაც სახელმწიფოს მონაწილეობით იქნა შემოთავაზებული, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც ადგილობრივები, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიატორი, შრომის ინსპექტორი, დასაქმებულები და დამსაქმებელი, ერთობლივად შევისწავლოთ თუ რა ხდება, რამ გამოიწვია ზარალიანობა ჭიათურაში, რატომ მივედით ამ შედეგამდე, რა გამოსწორების გზებს ვთავაზობთ დასაქმებულებს, ერთად ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ გამოვიყვანოთ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან", - აცხადებენ ჯორჯიან მანგანეზში.
დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა.
18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.
15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.