განათლების მინისტრის მოადგილედ ბაია კვიციანი დაინიშნა

განათლების მინისტრის მოადგილედ ბაია კვიციანი დაინიშნა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძეს ოთხი ახალი მოადგილე, ბაია კვიციანი, გიორგი მოდებაძე, გიორგი ჯინჭარაძე და ანა მღებრიშვილი ჰყავს.

განათლების მინისტრის ერთ-ერთი ახალი მოადგილე ბაია კვიციანი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი იყო. ამას გარდა, კვიციანი რუსული კანონის, ოფშორების კანონის, ასევე, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონის მხარდამჭერია.

ახლად დანიშნული მინისტრის მოადგილე, გიორგი მოდებაძე, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი იყო.

გიორგი ჯინჭარაძე განათლების მინისტრის მოადგილეობამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

რაც შეეხება ანა მღებრიშვილს, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ექსპერტია მართლმსაჯულების ხარისხის მიმართულებით.

2 ოქტომბერს, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების ახალ მინისტრად ალექსანდრე წულაძე დანიშნა. ეს პოსტი გიორგი ამილახვარმა 28 სექტემბერს დატოვა.

წულაძე 2024 წლის 31 ივლისამდე განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი. ის 2019- 2023 წლებში იკავებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას.