"გამოძიება არასათანადოდ წარიმართა" - მშვილდაძე საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა

"გამოძიება არასათანადოდ წარიმართა" - მშვილდაძე საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა.

როგორც მშვილდაძემ საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ აღნიშნა, მასზე თავდასხმის საქმე დიდი ალბათობით ყალბდება და ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებშია.

უწყებაში მშვილდაძე სუს-ის თანამშრომლის, გიორგი მუმლაძის ხელმძღვანელის ჩვენებას გაეცნო. მუმლაძე ერთ-ერთია იმ პირთაგან, ვინც ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტელეწამყვანის თავდასხმის დროს იმყოფებოდა.

გარდა ამისა, მშვილდაძეს 112-ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ანახეს, თუმცა, მისივე თქმით, უწყებაში სულ სხვა, გამოუსადეგარი კადრები იყო წარმოდგენილი.

"მუმლაძის ხელმძღვანელის ჩვენება წავიკითხეთ, რომელზეც დაგვადებინეს პირობა, რომ რაღაც საიდუმლო ნიშნებს შეიცავს რაღაც ნაწილი და ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებთ. განსაკუთრებულიც არაფერია. ფაქტობრივად იმეორებს მუმლაძის ამბავს და ამბობს, რომ ხომ, ნამდვილად მუმლაძე იქ გაგზავნილი იყო რაღაცა სპეცოპერაციაზე, რაც ჩემი აზრით ტყუილია. სამწუხაროა, რომ ამ ტყუილს იმეორებს არა უშუალოდ დანაშაულში ჩართული თანამშრომელი, არამედ მისი უშუალო ხელმძღვანელი და მთელი სისტემა იტყუება.

რა მოლოდინიც მქონდა, ის ამბავი არ დამხვდა. ყველაზე მეტად რასაც ველოდებოდით 112-ის კამერების ჩანაწერები იყო და რაღაცნაირად ისე იყო წარმოდგენილი - ის [რაკურსები] კამერები, რაც არაფერში გვჭირდება. ის კამერები, რაც მნიშვნელოვანია, ისინი არ იყო წარმოდგენილი. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოძიება რაღაც მუხლში არასათანადოდ წარიმართა", - თქვა ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

***

საგამოძიებო სამსახურმა გიორგი მუმლაძეც გამოკითხა. დადასტურდა ფორმულას ინფორმაცია, რომ გიორგი მუმლაძე სუს-ის თანამშრომელია.

სუს-ის თანამშრომელი გიორგი მუმლაძე ამტკიცებს, რომ თავდასხმის ადგილის მიმდებარედ არა მშვილდაძეს, არამედ სხვა ადამიანს უთვალთვალებდა. მიშა მშვილდაძე მუმლაძის ამ ჩვენებას თავად გაეცნო, თუმცა ჩვენების ასლი მას არ გადასცეს.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.