ვაკის გამგეობა მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ფანჩატურში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა.
მათი თქმით, დაადგენენ პირებს, რომლებმაც უკანონოდ აწარმოეს სამუშაო.
გამგეობის განცხადება:
"პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს!
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.
რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!"
წყნეთში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების თქმით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.