ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს.
"გამარჯვების პლატფორმის" პრეზენტაციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. ხაბეიშვილის თქმით, მათი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება.
"ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ის ამოცანები, მიზნები, რაც გვაქვს ჩვენ. პირველი და მნიშვნელოვანი, ჩვენ ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს პენსიონერებს, რომ 400 000-მდე პენსიონერს გაუნულდება საპენსიო სესხი, რომელიც კაბალურ პირობებში აქვს აღებული. მეორე, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს და დღეს ასეთი 600 000-მდეა საქართველოში, უნდა ჰქონდეს უფასო კვება. მესამე, ჩვენ ვამბობთ, ბიტკოინებიდან მილიარდებს რომ იპარავს ბიძინა ივანიშვილი და დაახლოებით წელიწადში ივანიშვილი, მამაცაშვილი, ხიდაშელი, ფარცხალაძე 10 მილიარდს ჰპარავს ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მოპარვის ნაცვლად, ტარიფები უნდა დაუბრუნეს იმ ნიშნულს, რა ნიშნულზეც იყო და ის ყაჩაღური ტარიფები, რასაც თქვენ ელექტროენერგიაში იხდით, და არ დაგვავიწყდეს თქვენ იხდით 18-22-26 თეთრს და ბიძინა ივანიშვილი იხდის 8 თეთრს. ამიტომ, ჩვენი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, "გამარჯვების პლატფორმა" არის პირველი ნაბიჯი იმისა, რის გაკეთებასაც აპირებენ. ვაშაძის თქმით, მათი სურვილია საქართველოს სიკეთე, გამარჯვება და წარმატება მოუტანონ.
"გამარჯვების პლატფორმა - ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ეს არის პირველი ნაბიჯები იმის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ გადავდგით სტრატეგია აღმაშენებელმა, ნაციონალურმა მოძრაობამ ეს პირველი ნაბიჯი რომ ყველას ვუთხრათ, რომ მეგობრებო, ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო, ჩვენ წინ კი არის დიდი პერსპექტივა, რომელიც ჩვენ უნდა მოვუტანოთ ჩვენ სამშობლოს. ჩვენს წინააღმდეგ არის ქართული ოცნება, რომელიც შეეკრა მტერს. დღეს ხომ ორი არჩევანია ქვეყანაში: ერთი ძლიერი საქართველო ევროკავშირთან, NATO-სთან ერთად, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, უკრაინასთან ერთად და მეორე მხრივ - რუსეთს დამონებული და დამორჩილებული ოლიგარქიული ჭაობი. ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძეების დაჯგუფებას უნდა რომ გვიბიძგოს ჭაობისკენ და ასე ვთქვათ, დაჩაჩანაკებული საქართველოსკენ. ჩვენ კი გვინდა რომ საქართველოს მოვუტანოთ სიკეთე, საქართველოს მოვუტანოთ გამარჯვება, საქართველოს მოვუტანოთ წარმატება, საქართველო იყოს რეგიონის ლიდერი ქვეყანა და ამას ჩვენ გავაკეთებთ თქვენთან ერთად აუცილებლად, ყველა იმ პატრიოტ ქართველთან ერთად, რომელსაც ახლა სისხლი უჩქეფს და უდუღს და უნდა რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას", - განაცხადა ვაშაძემ.
ხაბეიშვილი და ვაშაძე სხვა პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
20 ივლისს, ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.