გალანტი: ხანმოკლე ზავის შემდეგ ინტენსიური ბრძოლები, სულ მცირე, ორი თვით განახლდება

გალანტი: ხანმოკლე ზავის შემდეგ ინტენსიური ბრძოლები, სულ მცირე, ორი თვით განახლდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, როგორც კი ჰამასთან ხანმოკლე ზავი დასრულდება, ინტენსიური ბრძოლები, სულ მცირე, კიდევ ორი თვით განახლდება.

"რასაც უახლოეს დღეებში ნახავთ, პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებაა. ეს პაუზა ხანმოკლე იქნება. რასაც თქვენგან ამ პაუზის დროს ვითხოვთ, ეს არის ორგანიზება, მომზადება, გამოძიება და მზადყოფნა [საბრძოლო მოქმედებების] გასაგრძელებლად", - უთხრა მან სამხედროებს.

***

დღეს ცნობილი გახდა, რომ საზავო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდება, ხოლო მძევლების გათავისუფლების პროცესი საღამოს 4 საათზე დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, ხვალ ცამეტი ქალი და ბავშვი გათავისუფლდება.

კატარი ირწმუნება, მძევლების სია, რომლებიც ხვალ უნდა გათავისუფლდნენ, ჰამასმა უკვე გადასცა ისრაელის სადაზვერვო სამსახურს „მოსადს“. მოლაპარაკებები ყველა შუამავალ მხარეს შორის დღეს დილამდე გრძელდებოდა.

მარშრუტი, რომელსაც მძევლები გაივლიან, უსაფრთხოების მიზეზების გამო არ მჟღავნდება.