
"საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "დროებას" ეთერში განაცხადა, რომ ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელი განცხადების მიზანია, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ნეიტრალური კანდიდატები უნდა შეარჩიონ, რომელთაც ხმას ისეთი პარტიის მხარდაჭერებიც მისცემენ, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
"ყაველაშვილის განცხადების მიზანი არის ის, რომ ადგილობრივ არჩევნებში არავინ მიიღოს მონაწილეობა და ეს დაბრალდეს მათ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას. ეს არჩევნების იქნება კიდევ ერთი უსამართლობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდებიან და ოცნებას აძლევენ მხარს, იმედისა და რუსთავი 2-ის პირისპირ დავტოვოთ მარტო. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ეს ძალა არ იმსახურებს მათ მხარდაჭერას, რადგანაც ამ ძალას ეს ადამიანები ფეხებზე ჰკიდია.
ეს არჩევნების არ უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება. ამიტომ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატები, რომლისთვისაც ხმის მიცემას შეძლებენ იმ პარტიის მხარდაჭერებიც, რომლებიც შეიძლება ბოიკოტში დარჩნენ. მაგალითად, ქალაქების მერობის კანდიდატობისთვის ნეიტრალური ხალხი უნდა ვიპოვოთ.
მე განვიხილავ ერთადერთ შესაძლებლობას - სრულ კოორდინაციას. არ უნდა იყოს ისეთი მაჟორიტარული უბანი, სადაც 2 ოპოზიციური პარტია ერთმანეთს შეებრძოლება.", - თქვა გახარიამ.