
გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე 20 ივნისთან დაკავშირებით საუბრისას 2021 წელს ნიკა მელიას დაკავებაც გაიხსენა.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისს სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ყოფნა, "იდიოტურ შეცდომად" მიიჩნია, თუმცა 2021 წლის 18 თებერვალს, მისი პრემიერმინისტრობიდან გადადგომის ღამეს, დარწმუნდა, რომ მაშინ მიმდინარე პროცესები გავრილოვის ღამეს "იდენტურად იმეორებდა".
კერძოდ, გახარიამ ისაუბრა ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვა, რომ მაშინ ქართული ოცნების მთავრობიდან უმრავლესობა, მათ შორის იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ემხრობოდა პოზიციას, რომ იმ ფორმით ნიკა მელიას დაკავება "შეცდომა იქნებოდა".
გახარიას თქმით, მოგვიანებით, გამოჩნდა "უჩინარი კაცი", რომელმაც ოცნების წევრებს პოზიცია შეაცვლევინა.
" მაშინ აბსოლუტურადა გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ იმიტომ, რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს და ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ ქალბატონო თავმჯდომარე.
გაგახსენებთ - სწორედ იმ ღამეს, თქვენ როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ნაცების ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და თვლიდით, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა, თუმცა მაშინაც 18 თებერვალს, უჩინარი კაცი როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესები მართვის პროცესში და თქვენ ყველას შეაცვლევინათ აზრი და ზუსტად ერთ საათში თითოეული თქვენგანი გაქრა"- თქვა გახარიამ.