გახარია: ეს არჩევნები იძლევა საშუალებას ქვეყანაში პირველად კოალიციურ მთავრობას მივაღწიოთ

ერთხელ და სამუდამოდ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნების მთავარ განსხვავება ყველა წინა არჩევნებისგან არის ის, რომ ეს არჩევნები არის სრულად პროპორციული და იძლევა საშუალებას ქვეყანაში პირველად კოალიციურ მთავრობას მივაღწიოთ. რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა - კოალიციური მთავრობა ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებულს ყველაფერი არ მიაქვს. ქართული პოლიტიკის ყველაზე დიდი პრობლემა, ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო ის, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტია იქნებოდა ეს თუ პოლიტიკოსი, მას მიჰქონდა ყველაფერი და სხვა ყველა პოლიტიკური პროცესი და სივრცე, იკეტებოდა და კვდებოდა. ამიტომ, ყოველ ვადაზე ვიღებთ ერთპიროვნულ, ავტოკრატიულ მმართველობას, რომელიც სრულად იყო ჩაკეტილი და რომელსაც ერთადერთი არჩევანი ჰქონდა - ან დიქტატურისკენ უნდა წასულიყო, ან არ ჰყოფნიდა რესურსი და იღებდა ისეთ შედეგს როგორიც მიიღო 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ, უფრო ადრე შევარდნაძემ და სადაც მიდის დღეს ქართული ოცნება. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ უნდა დავამთავროთ ის პრაქტიკა, როცა ერთ პოლიტიკურ პარტიას, ერთ პოლიტიკოსს ვაძლევთ სრულ უფლებამოსილებს და სრულ პასუხისმგებლობას.

განაცხადა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში.