
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი - შაიხან ნასერ ალ ნოვაისი აირჩიეს.
კენჭისყრაზე მან 24 ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, საჭირო კი იყო მინიმუმ - 18.
შეიხა ალ ნოვაისი თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც პოსტს ორი ვადით იკავებდა, მიმდინარე წელს კი ქართული ოცნების მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.
ამასთან, ქართული ოცნების მთავრობამ დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
ქართულ ოცნებას ამ ინფორმაციის დადასტურება The Diplomat-ის სტატიის შემდეგ მოუწია, სადაც მედია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავარაუდო ფარულ შეთანხმებაზე წერდა.
თავად ზურაბ პოლოლიკაშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ მისი კანდიდატურის გამოწვევის შესახებ "შემთხვევით" არა ქართული ოცნების მთავრობისგან, არამედ, არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციისგან გაიგო.
უცხოურმა მედიამ ასევე დაწერა შესაძლო გარიგებაზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, რომელშიც ზურაბ პოლოლიკაშვილის გარდა გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ფიგურირებს.
The Diplomat სტატიაში, რომელიც გაერო-ში კენჭისყრამდე გამოქვეყნდა, წერს: "გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები და საქართველოს მიერ პოზიციის უეცარი ცვლა, აღვივებს ეჭვებს თბილისსა და აბუ-დაბის შორის სავარაუდო გარიგების შესახებ, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის საარჩევნო პროცესში ჩარევის მიზნით".