ევროპულმა საბჭომ ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების გაფართოების, სტაბილურობისა და გამძლეობის მიზნით მოლდოვისთვის 40 მილიონი, ხოლო საქართველოსთვის 30 მილიონი ევრო გამოყო.
ევროკავშირი განცხადების მიხედვით, დახმარება ქვეყნების თავდაცვის სექტორებს: მოლდოვის შეიარაღებული ძალებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემათ.
ევროკავშირის ცნობით, ამ დახმარებით ხელს შეუწყობენ მოლდოვის შეიარაღებული ძალების და საქართველოს თავდაცვის ძალების ოპერაციულ ეფექტურობას და გაიზრდება მათი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა და თავსებადობა, რაც კრიზისებისა და გადაუდებელი სიტუაციებისას მოქალაქეების უკეთესად დაცვას უზრუნველყოფს.
"ზომები ასევე მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის უნარების გაძლიერებას მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით" - წერია განცხადებაში.
საქართველოსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო 36 თვის პერიოდში დააფინანსებს არალეტალურ შეიარაღებას, მომსახურებასა და მარაგებს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის და მოთხოვნის შემთხვევაში ასევე მოიცავს ტექნიკურ წვრთნებსაც.
დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, მართვისა და კონტროლისთვის, სამედიცინო, ლოჯისტიკურ და კიბერ-თავდაცვის საჭირო აღჭურვილობა.
ეს დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში საქართველო 2022 წლის დეკემბერში 20 მილიონ ევროს, ხოლო 2021 წლის დეკემბერში 12.75 მილიონი ევროს დახმარება მიიღო.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ქვეყნებისადმი მორიგი დახმარება "მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი".
"ამ ახალი დახმარებებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების უნარების მოდერნიზაციის მხარდაჭერას. გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებასა და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მათი მონაწილეობის შესაძლებლობების გამტკიცებაში. ეს ორივე ქვეყნისთვის მესამე ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში დახმარების მესამე პაკეტია, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი" - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.