ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს ოდენობის სესხის გაცემას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს ოდენობის სესხის გაცემას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტში უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ღირებულების სესხის გაცემას მხარი დაუჭირეს, რასაც უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან გადაიხდის.

ევროპარლამენტში უკრაინისთვის კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით 518 მომხრეა, 56 წინააღმდეგი, ხოლო 61-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

”ამ კენჭისყრით, ჩვენ ვაგზავნით ძალიან ძლიერ სიგნალს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ შემოსავალს რუსული გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის და რუსეთმა, როგორც აგრესორმა, ეს უნდა გადაიხადოს”, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

უკრაინისთვის გაცემული სესხი დიდი შვიდეულის მიერ განხილული დახმარების პაკეტის 50 მილიარდიანი (დაახლოებით 45 მილიარდი) სესხის ნაწილია, რაზეც ივნისის თვეში იმსჯელეს. ამის გადახდას უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსული ფინანსებით ეტაპობრივად შეძლებს.

ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, კონკრეტული ქვეყნები მთლიანი პაკეტის ფარგლებში რა რაოდენობის დაფინანსებას გამოყოფენ.

„უკრაინა დაუღალავად ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას და მისი მამაცი მოქალაქეები არა მხოლოდ იბრძვიან საკუთარი არსებობისთვის, არამედ იცავენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას და საერთაშორისო კანონს ყველა ჩვენგანისთვის. ფინანსური მხარდაჭერის საჭიროება ძალიან დიდი და გადაუდებელია. რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის მოსახლეობაზე თავდასხმები და ქვეყნის ინფრასტრუქტურის, ქალაქების, სოფლებისა და სახლების სასტიკი დანგრევა. ამიტომ, უკრაინის აღმშენებლობის ტვირთი რუსეთს დაეკისრება“, - თქვა ევროპარლამენტარმა კარინ კარლსბრომ.

უკრაინას სესხის სახით თანხები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემა.

მანამდე, სექტემბერში ევროკომისიამ უკრაინისთვის ევროკავშირის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემა დააანონსა, რომელიც დიდი შვიდეულის მიერ განხილული და შეთანხმებული 45 მილიარდი ევროს ღირებულების სესხის ნაწილია.