ევროპარლამენტის არჩევნები დღეს დასრულდება. დღის ბოლომდე ამომრჩევლები ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში ევროპარლამენტის 720 დეპუტატს აირჩევენ, რაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბლოკის პრიორიტეტებისა და პოლიტიკური მიმართულებების ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
The Guardian-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები მიანიშნებს, რომ პროევროპული ჯგუფები უმრავლესობას შეინარჩუნებენ, მაგრამ მათი გავლენა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პარტიები, დიდი ალბათობით, რეკორდული რაოდენობის მანდატებს მოიპოვებენ.
გამოკითხვების თანახმად, უმსხვილეს ბლოკად, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია დარჩება, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპარლამენტში თავის 176 ადგილს შეინარჩუნებს.
ევროპარლამენტის ოთხდღიან არჩევნებში, რომელიც ხუთშაბათს ნიდერლანდებში დაიწყო, დაახლოებით, 361 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრა დღეს, იტალიაში საარჩევნო უბნების დახურვისას დასრულდება.
იმის გამო, რომ არჩევნები ეროვნულ დონეზე იმართება, პროცესი ყველგან იდენტური არ არის, ხმის მიცემა ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა 1 დღე გაგრძელდეს, ზოგან კი რამდენიმე.
ევროპარლამენტმა ახალგაზრდა ამომრჩევლების მოტივირება ძლიერი კამპანიის ვიდეოთი სცადა, რომელშიც ხანშიშესული ადამიანები ნაცისტების ოკუპაციას, ჰოლოკოსტსა და ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრას იხსენებენ.