ევროპარლამენტარები კალასს: მოგიწოდებთ, წარუდგინოთ სანქციების წინადადება საბჭოს

ევროპარლამენტარები კალასს: მოგიწოდებთ, წარუდგინოთ სანქციების წინადადება საბჭოს

ევროპარლამენტარები წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების დასანქცირებისკენ მოუწოდებენ.

ვრცელ წერილში ევროპარლამენტარები საუბრობენ საარჩევნო დარღვევებზე, სავარაუდო გაყალბებასა და სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაზე.

ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს.

"ჩვენ, ხელმომწერ ევროპარლამენტარებს, გვსურს, მოგიწოდოთ, დაუწესოთ პერსონალური სანქციები საქართველოს ხელისუფლებას განვითარებული მოვლენების გამო, სადაც მოქმედმა პარტიამ სახელმწიფო გაყალბებული არჩევნების გზით მიიტაცა და ახშობს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს.

ამ კვირაში, 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ - ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და სავარაუდო გაყალბებაზე.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს პერსონალური სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში მომხდარი მასობრივი დარღვევების საპასუხოდ.

კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალური პირებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადოდ გამოყენებაზე. სანქციები უნდა დაუწესდეთ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს და ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს, გარდა ამისა, უნდა დასანქცირდნენ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

გარდა ამისა, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოწოდება დაუყოვნებლივ და მიზანმიმართულ პერსონალურ სანქციებზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. გაიყინოს მთელი მისი აქტივები ევროკავშირის ფარგლებში მისი როლის გამო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებასა და ქვეყნის კონსტიტუციით გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის, მათ შორის რუსეთის გავლენის სფეროში საქართველოს დაბრუნების მცდელობებისთვის.

ამ წერილით მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ წარუდგინოთ სანქციების წინადადება საბჭოს, რადგან საქართველოში ავტორიტარული ძალაუფლების მოპოვება ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს"- ნათქვამია წერილში.