საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ევროოპტიმისტების ცნობით, 2012-2022 წლებში 245 000-მდე მოქალაქე, რომელმაც საქართველო დატოვა, უკან აღარ დაბრუნებულა.
მათივე ცნობით 2021-22 წლებში ქვეყანა დატოვა და უკან არ დაბრუნებულა საქართველოს 87 ათასზე მეტი მოქალაქე.
ევროოპტიმისტებმა საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით პრეზენტაცია "მიგრაცია საქართველოში, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე" მოამზადეს.
მათი ცნობით, 2012 წლიდან დღემდე 2022 წელს ქვეყანა რეკორდული რაოდენობის 100 0000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. საქართველოში შემოსული მოქალაქეების რაოდენობა კი 50 000-ს აჭარბებს.
შესაბამისად მიგრაციული სალდო ყველაზე დაბალი სწორედ 2022 წელს იყო - ქვეყანა 46.4 ათასით მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე უკან დაბრუნდა.
ევროოპტიმისტები საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ 2021-22 წლებში მიგრაციის სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) ჯამში 87.2 ათასი იყო.
წყარო: ევროოპტიმისტები
ევროოპტიმისტების ცნობით, 2021-2022 წლებში საქართველო 181 153 მოქალაქემ დატოვა, 93 931 მოქალაქე კი უკან დაბრუნდა. შესაბამისად, აღნიშნულ წლებში საზღვარგარეთ დარჩა საქართველოს 87 222 მოქალაქე.
რაც შეეხება 2012 წლიდან 2022 წლამდე მონაცემებს, პოლიტიკური ჯგუფის ცნობით, ამ პერიოდში ქვეყანა დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა საქართველოს 244 966 მოქალაქემ, "რაც ერთად აღებული ბათუმის და ზუგდიდის მოსახლეობას აღემატება".
წყარო: ევროოპტიმისტები
ასევე 2012-2022 წლებში ქვეყანაში შემოვიდა და დარჩა 225 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ამავე პერიოდში საქართველოში ჩამოვიდა და ქვეყანა არ დაუტოვებია რუსეთის 93 872 მოქალაქეს.
კონკრეტულად 2022 წლის შემთხვევაში, როცა სამხედრო მობილიზაციის ფონზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ საქართველოში, მიგრაციის სალდო 56 369 იყო - რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში. შემოვიდა.
კვლევის დასკვნაში ევროოპტიმისტები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის მიგრაცია ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რადგან ქვეყნიდან ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი გადის ვიდრე შემოდის.
"საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი გამოიხატება ქვეყნის მოსახლეობის შემცირებით, რაც გამოწვეულია მასშტაბური მიგრაციით და შობადობის კლებით. მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რადგან ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან ვიდრე შემოდის. ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა არის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების დონის ამაღლებას და შედეგად მოსახლეობის რიცხოვნობის სტაბილიზაციას" - აცხადებენ ევროოპტიმისტები.
პოლიტიკური ჯგუფის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მოქალაქეების ქვეყნის დატოვების მთავარი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა.
"წარმოიდგინეთ, რომ გორი და ზუგდიდი არ არსებობს, აორთქლდა წავიდა უცხოეთში. ბოლო 10-11 წლის განმავლობაში 245000 ჩვენი მოქალაქე დარჩა უცხოეთში. გამომწვევი მიზეზი რა არის? კატასტროფულად დაბალი შემოსავლები, მოქალაქეების ნახევარი, ვინც დასაქმებულია, 700 ლარი აქვს ხელფასი. ქვეყანა იცლება და ივსება სხვა ქვეყნის მოქალაქეებით" - განაცხადა გოცირიძემ.