ევროკომისია საქართველოში NATO-სა და EU-ის საინფორმაციო ცენტრის დახურვას გმობს

ევროკომისია საქართველოში NATO-სა და EU-ის საინფორმაციო ცენტრის დახურვას გმობს

ბრიუსელი საქართველოში ევროკავშირისა და NATO-ს საინფორმაციო ცენტრის დახურვას გმობს.

EURACTIV-ის თანახმად, დასავლეთთან თბილისის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება "კიდევ ერთი არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია".

ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერი ანიტა ჰიპერი EURACTIV-თან ამბობს, რომ გადაწყვეტილება ემთხვევა ქართული ოცნების მიერ "ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვა ზომებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას და მისი მრავალი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ცნობებს".

ცენტრის დახურვის შესახებ დასმულ კითხვაზე ევროკომისიაში ამბობენ, რომ "ეს არის არასწორი მიმართულებით გადადგმული შემდგომი ქმედებები და ნაბიჯები".

4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ხურავს. ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელმა Facebook-ზე დაწერა, რომ ცენტრი 1 ივლისიდან გაუქმდება.

მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.