ევროპული კომისია ისრაელში შექმნილი ვითარების მიუხედავად, უკრაინისადმი მხარდაჭერას არ შეამცირებს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში, ბრიფინგზე განაცხადა.
"არაფერი არანაირად არ იმოქმედებს მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას უწევს. ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, სანამ ამის საჭიროება იქნება", - ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.