ევროკავშირი ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ მოსკოვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს

ევროკავშირი ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ მოსკოვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს

ევროკავშირი გმობს რუსი ოპოზიციონერი აქტივისტისა და კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ-კარა მურზას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება "აღმაშფოთებლად მკაცრია".

ამასთან, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებითაა დაკავებული.

"ევროკავშირი კატეგორიულად გმობს მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, აქტივისტ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და კრემლის ღია კრიტიკოსს, ვლადიმერ კარა-მურზას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლოს დღევანდელი აღმაშფოთებლად სასტიკი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ"- აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კარა-მურზას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები არ აკმაყოფილებდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.

"რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ვლადიმერ კარა-მურზასა და სხვა პატიმრებისთვის სათანადო ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. სასამართლოში, კარა-მურზამ თავის ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი პროცესი 1930-იან წლებში გამართულ სასამართლო პროცესებს წააგავდა.

ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ რუსს, რომლებსაც დევნიან, აპატიმრებენ ან აშინებენ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის, სიმართლის თქმისა და რეჟიმის კრიტიკის გამო.

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებითაა დაკავებული"- ნათქვამია განცხადებაში.

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.

კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".