ესტონეთის პარლამენტმა (რიკიგოკუ) განცხადება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ისინი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რაც საკონსტიტუციო კრიზისის მოსაგვარებლად და დემოკრატიის აღსადგენად გარდაუვალია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი პატივს სცემს თითოეული ქვეყნის უფლებას დემოკრატიულად აირჩიოს თავისი გზა საზოგადოების ორგანიზებისა და სხვა ქვეყნებთან მოკავშირე ურთიერთობებში და ამ პრინციპის შესაბამისად, ესტონეთი მჭიდრო თანამშრომლობით მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას.
რიკიგოკუ, ასევე, საუბრობს რუსეთის ფედერაციის ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ძირს უთხრის მის ტერიტორიულ მთლიანობას.
აღნიშნული განცხადება ესტონეთის პარლამენტის 49 წევრმა წარადგინა, მათგან 59 დეპუტატი მხარს უჭერს, ხოლო 9 წინააღმდეგია.
"ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზებასა და საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის გავლენის შემცველ აქტივობებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ოქტომბერში ძალადობისა და დაშინების გარემოში ჩატარდა, ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას არ შეიცავს. მმართველი პარტია, ქართული ოცნება რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, თაღლითური არჩევნების შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის.
ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც თავის ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და ევროკავშირში საქართველოს მომავალს იცავს", - წერია განცხადებაში.
ესტონეთის პარლამენტი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარს ამბობს, რადგან ის ჩამოყალიბდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ჩატარდა მოქალაქეთა გაყალბებისა და დაშინების ატმოსფეროში, ისევე, როგორც დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას.
რიკიგოკუს განცხადების თანახმად, ისინი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ მის ძალისხმევას კონსტიტუციური კრიზისის დასასრულებლად მხარს უჭერენ.
ასევე, ესტონეთის პარლამენტის ცნობით, ისინი საქართველოში დემოკრატიული ძალების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ, რომლებიც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რაც საკონსტიტუციო კრიზისის მოსაგვარებლად და დემოკრატიის აღსადგენად გარდაუვალია.
ამასთან, პარლამენტი განცხადებაში აღნიშნავს, ისინი გმობენ მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ რეპრესიებს რუსული იმპერიალიზმის წინსვლის მხარდაჭერით. ასევე, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას მხარს უჭერენ.
ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს სხვა ეროვნულ პარლამენტებს დაგმონ საქართველოში მმართველი რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები.
ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის ქვეყნებს, სანქციები დააწესონ ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ რეპრესიებსა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში მონაწილეობენ. რიკიგოკუს მოწოდებაა, მკვეთრად შეიზღუდოს კომუნიკაცია საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის ინსტიტუტებთან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.