მასწავლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულებმა რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიცია შექმნეს.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონის მიღება საბოლოოდ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
"14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 46 წლის წინ, ამ დღეს, საბჭოთა მძიმე უღლის მიუხედავად, საქართველომ შეძლო, დაეცვა საკუთარი იდენტობა, ენა. ვერანაირმა საფრთხემ ვერ შეუშალა ხელი ახალგაზრდების, მასწავლებლების, აკადემიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა სფეროების წარმომადგენლების გაერთიანებას.
დღესაც ასეთი გაერთიანება გვჭირდება - დაპირების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ისევ მზადაა მიიღოს რუსული კანონი, რაც საბოლოოდ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობის ბრძოლითა და თავგანწირვით გაჩენილ შესაძლებლობას, საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს.
ასეთ დროს, უპირველესად, ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის; დღეს თუ არ დავარქვით სახელი მოვლენებს, ხვალ უკვე შესაძლებლობაწართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი და არც ქართული მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობაზე.
სრულად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების წნეხი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე ძალიან დიდია, არცერთ მმართველ პარტიას არ მოსწონებია დამოუკიდებელი, ავტონომიური, ნომენკლატურულ დღის წესრიგს გაცდენილი მასწავლებელი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება, მაგრამ ჩვენი ერთგულება პროფესიისადმი და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე ყველა წნეხზე დიდია!
2023 წლის მარტის განსაკუთრებული დღეების მსგავსად, კიდევ ერთხელ ერთად დავდგეთ ისტორიის მართალ მხარეს და დავწეროთ ისტორიის ღირსეული ფურცელი! მასწავლებლების ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!
მასწავლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები: ლადო აფხაზავა, სოფო გოგოხია, როლანდ შავაძე", - წერია პეტიციის ტექსტში.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.