ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცეპრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს.
განცხადებით მან ეროვნულ ბანკს რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
პაპუნა ლეჟავას შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ:
"კარგი პროფესიონალია მუშაობდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში. მე იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება, სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას, ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, როდესაც საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის ნათელი და შეუქცევადი", - თქვა მან.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.