უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებსა და არაეთიკურ ვიდეორგოლს ეხება. 9 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში თქვა, რომ "საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ხდება უკრაინაში, ბილბორდებმა სიმართლე გააშიშვლა".
"ვნახე [ირაკლი კობახიძის] განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინელებს მათ ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ", - დაწერა ერმაკმა საკუთარ Telegram-არხზე.
***
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ბილბორდებსა და არაეთიკურ ვიდეორგოლზე თქვა, რომ მათი მეშვეობით უკრაინაში მიმდინარე მოვლენები "გააშიშვლეს", რადგან, კობახიძის აზრით, საზოგადოებას ომზე სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდა.
***
ქართული ოცნების ახალ ბანერებზე, რომელიც ქუჩებში 26 ოქტომბერს გამოჩნდა, ასახულია უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.
რაც შეეხება ვიდეორგოლს - ის არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.