ერმაკი ბანერებზე: ეს იდეა არ ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ ასახავს დამოკიდებულებას ჩვენდამი

ერმაკი ბანერებზე: ეს იდეა არ ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ ასახავს დამოკიდებულებას ჩვენდამი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ბანერები არ ასახავს ქართველების დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

ერმაკი დარწმუნებულია, რომ ბანერების იდეა ქართველ ხალხს არ ეკუთვნის.

"ინტერნეტში ვნახე ეს ბილბორდები. სიმართლე გითხართ არ მინდოდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან თქვენ არჩევნები გაქვთ წინ. ეს თქვენზეა დამოკიდებული ვის აირჩევთ, ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს. პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების პატივისცემა, ჩვენ არასოდეს ჩავერევით სხვის შიდა საქმეებში, მაგრამ არც არავის მივცემთ ნებას ჩვენს საქმეებში ჩაერიონ.

ამიტომ, მინდა ვთქვა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იდეა არ ეკუთვნის ქართველ ხალხს. და ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველების დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ. მჯერა რომ ქართველი ხალხი ხედავს სიმართლეს და ამიტომ უჭერს მხარს უკრაინას რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში", - თქვა ერმაკმა მთავარი არხის ეთერში.

***

ქართული ოცნების ახალ ბანერებზე, რომელიც ქუჩებში 26 სექტემბერს გამოჩნდა, ასახულია უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.

ასევე, ოცნებამ პროპაგანდისტული ვიდეორგოლიც დაამზადა, რომელშიც უკრაინელი ხალხის ტრაგედია არის ნაჩვენები - ის არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.