
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის ლიდერ, ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბარში აცნობა, რომ ოფიციალური ანკარა მზადაა ორგანიზება გაუწიოს რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს.
არსებული ინფორმაციით, ერდოღანმა მაკრონს უთხრა, რომ ომის დასრულებისთვის "ისტორიულად გარდამტეხი მომენტი" დადგა და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული.
მისი თქმით, ანკარა მზადაა მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების აღმოსაფხვრელად.
***
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიევს 30-დღიან ზავზე დათანხმების ნაცვლად პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
მისი თქმით, შეხვედრა უნდა შედგეს ხუთშაბათს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში.
პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებები სტამბოლში მიმართული იქნება ომის ძირეული მიზეზების აღმოფხვრასა და "გრძელვადიანი, ხანგრძლივი მშვიდობის" აღდგენაზე და არა უბრალოდ "გადაიარაღების პაუზისთვის".
ჩვენ ვთავაზობთ კიევის რეჟიმს პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკვე ხუთშაბათს, სტამბულში", - თქვა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის განცხადებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ელიან, რომ ხვალიდან, 12 მაისიდან რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას, ამის შემდეგ კი უკრაინა შეხვედრისთვის მზად არის.
ზელენსკის თქმით, პუტინის განცხადება კარგი ნიშანია, რომ "რუსები საბოლოოდ ფიქრობენ ომის დასრულებაზე".