ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება.
"ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს.
2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება.
ევროკომისიის პრეზიდენტობის EPP-ის კანდიდატის წარდგენასა და EPP-ის საარჩევნო მანიფესტის მიღებასთან ერთად, რაც ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შეადგენს, კონგრესი ასევე იქნება მთელი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის შეკრების, რეზოლუციებისა და წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და საარჩევნო კამპანიის ცენტრალური თემების განხილვის შესაძლებლობა", - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აქვეყნებს.