ნაციონალური მოძრაობის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურებიან.
მათი თქმით, კრემლის დავალებით, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი სააკაშვილს სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევდა.
"დღეს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, რუსული ოლიგარქიული სისტემისთვისაც კი. პირველად მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს წაერთვა საშუალება, რომ ეთქვა სიტყვა საკუთარ პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს პროცესი არის წარმოებული კრემლის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის მიერ შეკერილი საქმეების საფუძველზე. კრემლის დავალებით, კრემლის მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილი არ აძლევს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ, პოლიტიკურად დევნილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებას. კრემლის მიზანია, გამოთიშოს მთლიანად პოლიტიკური ასპარეზიდან.
მინდა, ნაციონალური მოძრაობის გუნდის სახელით შევპირდე ყველა კრემლის მსახურს, მათ შორის ბადრი კოჭლამაზაშვილს, თქვენი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ძალიან მალე და ეს საკითხი დადგება საერთაშორისო მასშტაბითაც თქვენი სანქცირების კუთხით და დადგება ასევე სამართლებრივი თვალსაზრისითაც იმის შემდგომ, რაც მოხდება ამ სისტემის, რუსული უსამართლო სისტემის დემონტაჟი. მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მიეცემა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის საშუალება. კრემლის სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გაანეიტრალოს, შეუძლებელია, რომ შეუსრულდეს", - აცხადებენ ენმ-ის წევრები.
დღეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ვივამედიდან დისტანციურად ჩაერთო, თუმცა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მისი სიტყვით გამოსვლის დროს ვიდეოჩართვა გათიშეს. ამას დარბაზში ხმაური და პროტესტი მოჰყვა, მათ შორის ადვოკატების მხრიდან.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, ჩართვის გათიშვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სააკაშვილი "არაერთგზის გააფრთხილა", რომ საუბარი დაესრულებინა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საუბრის დროს სისხლის სამართლებრივ საქმეს გასცდა და "პოლიტიკურ მიმოხილვას" აკეთებდა.